აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სპარსეთის ყურეში გაჭედილი გემების ესკორტირების ოპერაცია „მოკლე დროით“ შეჩერდება, რათა შეფასდეს თეირანთან სამშვიდობო შეთანხმების დადების შესაძლებლობა.
მისი თქმით, „თავისუფლების პროექტის“ განხორციელება, რომელიც ორშაბათს დაიწყო, პაკისტანის თხოვნით შეჩერდება — პაკისტანი მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ასრულებს — ასევე სხვა ქვეყნების თხოვნითაც.
ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია „უზარმაზარი სამხედრო წარმატებებისა“ და ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაში „მნიშვნელოვანი პროგრესის“ გამო.
„სანამ ბლოკადა ძალაში რჩება, „თავისუფლების პროექტი“ — ანუ გემების გატარება ორმუზის სრუტეში — მოკლე დროით შეჩერდება, რათა გაირკვეს, შესაძლებელი იქნება თუ არა შეთანხმების დასრულება და ხელმოწერა“, — დაამატა მან.
ტრამპის განცხადებების ფონზე, ოთხშაბათს აზიაში ვაჭრობის დაწყებისას ნავთობის ფასები მცირედით შემცირდა.
ირანის სახელმწიფო მედიამ განაცხადა, რომ ოპერაციის შეჩერება მიუთითებს იმაზე, რომ ტრამპმა „უკან დაიხია“ მას შემდეგ, რაც ვერ შეძლო მსოფლიო ნაოსნობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წყლის გზის განბლოკვა.
ტრამპის განცხადება მალევე გაკეთდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპერაცია „ეპიკური რისხვა“, რომელიც თებერვლის ბოლოს დაიწყო, თავის მიზნებს მიაღწია და ვაშინგტონი შემდეგ ეტაპზე — ანუ „თავისუფლების პროექტზე“ გადადის.
„ჩვენ მშვიდობის გზას ვამჯობინებთ. პრეზიდენტს შეთანხმების დადება ურჩევნია“, — თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სამშაბათს საღამოს.
პროექტზე საუბრისას რუბიომ აღნიშნა, რომ ის მხოლოდ თავდაცვით ხასიათს ატარებს.
„სროლა არ იქნება, სანამ პირველები ჩვენ არ გვესვრიან“, — დაამატა მან.
მანამდე აშშ-ის ცენტრალური სარდლობა — CENTCOM — აცხადებდა, რომ გემების ესკორტირების ოპერაციაში ჩართული იქნებოდნენ გამანადგურებლები, თვითმფრინავები და 15 ათასი სამხედრო მოსამსახურე.
გენერალმა დენ კეინმა, შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, სამშაბათს განაცხადა, რომ სპარსეთის ყურეში ბლოკირებულია 1 500-ზე მეტი გემი, რომელთა ბორტზეც დაახლოებით 22 500 მეზღვაური იმყოფება.















