კომპანია Nestlé-მ შიდა გამოძიება დაიწყო იმის დასადგენად, თუ როგორ ხვდებოდა მისი რეკლამა სანქცირებულ TV იმედზე. ინფორმაციას ბრიტანული ბიზნეს-გამოცემა City A.M. ავრცელებს. FCDO-ის განმარტებით, არხი რეგულარულად ავრცელებს შინაარსს, რომლის მიხედვითაც უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არალეგიტიმურებად არიან წარმოჩენილნი, უკრაინა დასავლეთის „მარიონეტად“ და კორუმპირებულ სახელმწიფოდ არის წარმოდგენილი, ასევე ვრცელდება მტკიცება, რომ უკრაინა და დასავლეთი საქართველოს დესტაბილიზაციას ცდილობენ.
გამოცემის ინფორმაციით, საერთაშორისო ანტიკორუფციული ორგანიზაციის Transparency International-ის მარტში გამოაქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ Nestlé იმ დასავლურ კომპანიებს შორის იყო, რომლებმაც სანქციების დაწესების შემდეგაც შეინარჩუნეს ურთიერთობა აღნიშნულ ტელეარხთან. გავრცელებული ინფორმაციით, Nestlé-მ სახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედის” ეთერში განაგრძო ისეთი ბრენდების რეკლამირება, როგორიცაა Nescafé, Nescafé Gold და Nesquik.
კომპანიამ, Nestlé-მ, კომერციული ურთიერთობა შეინარჩუნა ქართულ მედია კომპანიასთან Imedi TV, მიუხედავად იმისა, რომ არხი მიმდინარე წლის თებერვალში გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ სანქცირებულთა სიაში შეიყვანეს და კრემლის მხარდამჭერ, პოლიტიკურად მიკერძოებულ მედიასაშუალებად დაახასიათეს.
ბრიტანეთის ხელისუფლების შეფასებით, არხი ავრცელებს „განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ.
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის (FCDO) განცხადებით, Imedi TV „მხარს უჭერს ან ხელს უწყობს ისეთ პოლიტიკას ან ქმედებებს, რომლებიც უკრაინის დესტაბილიზაციას ან მისი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შელახვას ან საფრთხის ქვეშ დაყენებას ემსახურება
„გვინდა დაგარწმუნოთ, რომ Nestlé იცავს ყველა მოქმედ კანონს და საერთაშორისო სანქციას, და ეს მოიცავს ჩვენს საქმიანობას საქართველოშიც.“ – ამბობს Nestle-ს სპიკერი გამოცემის თანახმად.
City A.M.-ის ინფორმაციით, Nestlé-ს შიდა გამოძიებას ხელმძღვანელობს კომპანიის გლობალური იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლინ გილი, ხოლო პროცესში ჩართულია ლონდონის იურიდიული გუნდის წევრი მარკ მორის ჯონსიც.















