4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 8 პირს: ზურაბ ჭავჭანიძეს, ვლადიმერ გველესიანს, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, სულხან ტუღუშს და რამაზ მამულაძეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
აღნიშნულ პირებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-225-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც ჰქონდათ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნულ ეპიზოდზე სულ 14 ბრალდებული იყო, მათგან 6 პირს – გიორგი ქორქიას, გიორგი რურუას, ხვიჩა გოგოხიას, ლევან ჯიქიას, ლაშა ივანაძეს და სერგო მეგრელიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და ისინი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ
4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთო ჯამში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 64 პირი მიეცა. ამ ეტაპზე, პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას 22 პირთან დაკავშირებით დათანხმდა.















