შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებული ახალი საკანონმდებლო ცვლილებები ფიქციური ქორწინებებისა და სასწავლო ბინადრობის ბოროტად გამოყენების კონტროლს ითვალისწინებს.
დარახველიძის თქმით, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს მოქალაქესთან ქორწინება საკმარისია იმისთვის, რომ უცხოელმა მუდმივი ბინადრობა მიიღოს. მისი ცნობით, ქვეყანაში დაახლოებით 30 ათას უცხოელს აქვს მუდმივი ბინადრობა, ხოლო კონტროლის მექანიზმები ამ დრომდე სუსტი იყო.
ახალი წესით, თუ უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, მას სპეციალურ კომისიასთან გასაუბრება მოუწევს. თუ კომისიას ქორწინების ნამდვილობაზე ეჭვი გაუჩნდება, დოკუმენტაცია საგამოძიებო უწყებას გადაეგზავნება.
დარახველიძის განცხადებით, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომელიც ფიქციურ ქორწინებას დასჯადს გახდის იმ შემთხვევაში, თუ მისი მიზანი საქართველოში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებაა.
შს მინისტრის მოადგილის თქმით, ცვლილებები შეეხება სასწავლო ბინადრობასაც. ქვეყანაში ამ დროისთვის უცხოელებზე დაახლოებით 35 ათასი სასწავლო ბინადრობაა გაცემული. დარახველიძე ამბობს, რომ რეალურ სტუდენტებს პრობლემა არ შეექმნებათ, თუმცა გამკაცრდება კონტროლი იმ შემთხვევებზე, როცა სასწავლო ბინადრობა მხოლოდ ქვეყანაში ხანგრძლივად დარჩენისთვის გამოიყენება.















