ბრიუსელთან ურთიერთობების აღდგენისა და გაღრმავების მთავარ წინაპირობად, ევროკავშირი სირიისგან საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების უკან წაღებას ითხოვს. გამოცემა Rapporteur-ის ინფორმაციით, რომელიც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის წარმომადგენლებს ეყრდნობა, არაღიარების პოლიტიკის ამ კონკრეტულ ხაზს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი ხელმძღვანელობს.
საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი კაია კალასმა პირდაპირ და არაერთხელ დააყენა სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ასად ალ-შაიბანისთან შეხვედრებისას, მათ შორის ოქტომბრის ვიზიტის დროს. ევროკომისიის ცნობით, გასულ კვირას დამასკოში ვიზიტის ფარგლებში, ოკუპირებული რეგიონების აღიარების გაწვევის აუცილებლობა სირიულ მხარეს ხმელთაშუა ზღვის საკითხებში ევროკომისარმა, დუბრავკა შუიცამაც შეახსენა.
საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების თემა სირიასთან პირდაპირ კავშირშია ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მიერ წარსულში მიღებული გადაწყვეტილებების გამო. რუსეთის სამხედრო მხარდაჭერაზე დამოკიდებულმა ასადის ხელისუფლებამ 2018 წელს მოსკოვის მოთხოვნით აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი აღიარა, 2022 წელს კი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები (დონეცკი და ლუგანსკი). სწორედ ამ უკანონო აღიარების გამო გაწყვიტეს საქართველომ და უკრაინამ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები.


