„რეპრესიების ანატომია – საქართველო: პროტესტის, დარბევისა და მედეგობის 500 დღე“ – Amnesty International-ის ანგარიში

საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ი ანგარიშს აქვეყნებს სახელწოდებით „რეპრესიების ანატომია – საქართველო: პროტესტის, დარბევისა და მედეგობის 500 დღე“, რომლის თანახმადაც საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა უმძიმეს კრიზისს განიცდის. ანგარიშში საუბარია იმ მეთოდებზე, რომელსაც მმართველი პარტია ძალაუფლების შესანარჩუნებლად იყენებს.  ანგარიშის პრესრელიზში წერია:

„ახალი ანგარიში აღწერს, თუ როგორ გამოიყენა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით მოქმედმა ხელისუფლებამ დეზინფორმაცია რეპრესიებისა და კრიტიკოსთა დისკრედიტაციის იარაღად. როგორ ისარგებლა ბოროტად საპარლამენტო უმრავლესობით რეპრესიული კანონების დაჩქარებული წესით მიღებისთვის; როგორ აქცია სასამართლო და პოლიცია პოლიტიკური ოპონენტების დევნის ინსტრუმენტებად; და როგორ სასტიკად ახშობდა საპროტესტო გამოსვლებს ადამიანის უფლებებზე ფართომასშტაბიანი თავდასხმის ფარგლებში. ამ ყოვლისმომცველმა ზომებმა ფაქტობრივად მშვიდობიანი წინააღმდეგობა კრიმინალიზებული გახადა”.
Amnesty International-ი აღნიშნავს, რომ:

  • “ხელისუფლება იყენებს დეზინფორმაციას, რეპრესიულ კანონებს, პოლიციასა და სასამართლოს ოპონენტების წინააღმდეგ; ოპოზიცია, მედია და სამოქალაქო სექტორი ხშირად მოიხსენიება როგორც „უცხო ძალების აგენტები“ ან „მოღალატეები“; მიღებულია უცხოური დაფინანსების კონტროლისა და ე.წ. „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონები, რაც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და დამოუკიდებელ ორგანიზაციებს; მრავალი ორგანიზაცია იძულებულია შეწყვიტოს ან შეამციროს საქმიანობა ფინანსური და სამართლებრივი ზეწოლის გამო; დამოუკიდებელი მედია და ჟურნალისტები აწყდებიან დაშინებას, დევნასა და უსაფრთხოების პრობლემებს; გამოყენებულია ძალადობა, დაკავებები, ცრემლსადენი გაზი და არასათანადო მოპყრობა დემონსტრანტების წინააღმდეგ; სასამართლო სისტემა აღწერილია როგორც ხელისუფლების გავლენის ქვეშ მყოფი, რომელიც ხშირად აჯარიმებს ან სჯის მომიტინგეებს; პოლიციის მიერ ჩადენილი ძალადობის შემთხვევებზე პასუხისმგებლობა თითქმის არ დგება.” 

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საქართველოში მნიშვნელოვნად შემცირდა სამოქალაქო სივრცე და გაუარესდა ადამიანის უფლებების მდგომარეობა.

„საქართველოს ბოლო სამი წლის გამოცდილება არის მწარე გაკვეთილი იმისა, თუ რა სწრაფად შეუძლია ნებისმიერ ხელისუფლებას სახელმწიფო ინსტიტუტების მძლავრ რეპრესიულ ინსტრუმენტად გადაქცევა საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებისთვის “– განაცხადა Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილემ, დენის კრივოშეევმა.

  • „საქართველოს ხელისუფლებამ დეზინფორმაცია, ძალადობრივი კანონმდებლობა, პოლიციის მხრიდან ძალადობა და სასამართლოებში უსამართლობა გამოიყენა საკუთარი ძალაუფლების პოტენციური საფრთხისგან დასაცავად. მათ ფაქტობრივად შექმნეს სისტემა, სადაც განსხვავებული აზრის მშვიდობიანად გამოხატვა დანაშაულად მიიჩნევა, სამოქალაქო საზოგადოება ეროვნულ მტრად ითვლება, დამოუკიდებელ ჟურნალისტებს ავიწროებენ, დევნიან და გადარჩენის რეჟიმში ამყოფებენ, ხოლო პოლიციის ძალადობის მსხვერპლებს სამართლიანობაზე უარი აქვთ ნათქვამი, ამის ნაცვლად კი მათ თავად დევნიან. ადამიანის უფლებებმა და სამოქალაქო სივრცემ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე უკუსვლა განიცადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ”, – ნათქვამია ანგარიშში.