“რეზოლუციის ავტორი და ინიციატორი არის ჩვენთვის კარგად ცნობილი ჯო უილსონი. აქედან გამომდინარე, ნათელია – ამ ადამიანის მიზანია, სანამ არის ცოცხალი, საქართველოს წინააღმდეგ მაქსიმალური ნეგატივი გააჩინოს და ნებისმიერი საერთაშორისო პლატფორმა გამოიყენოს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ის იყენებს, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელი, აშშ-ის გარკვეულ ავტორიტეტს.
რაც შეეხება რეზოლუციას, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს არის გნებავთ, “გლობალური ომის პარტიის”, გნებავთ, როგორც ისინი ამბობენ, “საქართველოში რეჟიმის ცვლილების” მოსურნეთა პარტიის ერთი რეზოლუცია, სადაც ლგბტ-დან დაწყებული, გამჭვირვალობით დამთავრებული, აბსოლუტურად ყველაფერი მიუღებელია. მათივე ქვეყნებში, რა თქმა უნდა, გამჭვირვალობის უმაღლესი სტანდარტით იღებენ კანონებს, მიღებულ კანონებს კიდევ უფრო ამკაცრებენ, მაგრამ საქართველოში ეს დაუშვებელია. რატომ?! იმიტომ, რომ საქართველო, მათი გაგებით, იყო ქვეყანა, სადაც ყველაფერი უნდა გასდიოდეთ და საქართველოთი მანიპულირება ადვილად შესაძლებელი უნდა ყოფილიყო. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ მივიღებთ სერიოზულად ასეთი ტიპის რეზოლუციებს.
რაც შეეხება ეუთოს, კარგი იქნებოდა, ეუთოს ოდნავი პოლიტიკური და პრინციპული პასუხისმგებლობა გამოეჩინა და საქართველოში 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით მათ მიერვე გაკეთებული დასკვნა დაეცვა. ბოლომდე დაცვასაც არ ვამბობ, ცოტა ხმამაღლა ამოეღოთ ხმა. რა თქმა უნდა, ამის პოლიტიკური ნება მათ არ ეყოთ, იმიტომ, რომ იქ დომინირებდნენ სწორედ ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ლგბტ პროპაგანდის მომხრეები არიან. ამიტომ ხდება მანიპულირება, ამით საქართველოზე ზეწოლა. ეს არის დღევანდელი იდეოლოგიური მეინსტრიმი, რომელიც ევროპაში ჯერ კიდევ დომინანტია, მაგრამ ნელ-ნელა ამ დომინანტ იდეოლოგიასაც საფუძველი ეცლება,”
ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ეუთო-ს რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.















