უკრაინული დრონების შეტევა Wildberries-ის კიდევ ერთ საწყობზე და რუსეთის რეგიონებზე

ომში მონაწილე ორივე მხარის ცნობით, კვირა დილით უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა კომპანია Wildberries-ის დიდ საწყობს შეუტიეს, რომელიც სამარის მახლობლად, დასახლება ნოვოსემეიკინოში მდებარეობს. საწყობში ხანძარი გაჩნდა.

Wildberries-ის საწყობზე დრონებით თავდასხმისა და ხანძრის ფაქტი თავად კომპანიამ და სამარის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ ფედორიშჩევმა დაადასტურეს.

უკრაინული მონიტორინგის არხები Supernova+ და exilenova+ ავრცელებენ, სავარაუდოდ, ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ გადაღებულ ვიდეოებსა და ფოტოებს, რომლებზეც კვამლის უზარმაზარი სვეტი ჩანს.

ეს უკვე Wildberries-ის მეცხრე საწყობია, რომელსაც ივლისის შუა რიცხვებიდან უკრაინული დრონები დაესხნენ თავს.

როსტოვის ოლქის თავზე ღამით თითქმის 150 დრონი ჩამოაგდეს — გუბერნატორი

რუსეთის როსტოვის ოლქის გუბერნატორმა იური სლიუსარმა კვირა დილით განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში ოლქის თავზე თითქმის 150 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

სლიუსარის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, დრონებს ძირითადად ოლქის დასავლეთ და ჩრდილოეთ რაიონებში ანადგურებდნენ. როსტოვის ოლქი უკრაინას — მის ოკუპირებულ ტერიტორიას — ესაზღვრება.

ოლქის ჩრდილოეთ ნაწილზე გადის ერთ-ერთი საჰაერო მარშრუტი, რომლითაც უკრაინული დრონები ვოლგისპირეთის მიმართულებით მიფრინავენ. კვირა ღამით მათ სარატოვსა და სამარის ოლქში მდებარე ობიექტებს შეუტიეს.

 

„როსავიაციამ“ ვოლგისპირეთსა და მოსკოვში ცხრა აეროპორტის მუშაობა შეზღუდა

უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების შეტევის ფონზე, რუსეთის სამოქალაქო ავიაციის უწყებამ ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში ვოლგისპირეთის ქალაქებში მდებარე რვა აეროპორტის, ასევე მოსკოვის „დომოდედოვოს“ აეროპორტის სრული ან ნაწილობრივი დახურვის შესახებ განაცხადა.

„როსავიაციის“ ოფიციალური ფორმულირებით, ყაზანის, სამარის, სარატოვის, ულიანოვსკის, ბუგულმის, ნიჟნეკამსკისა და პენზის აეროპორტებში „დროებითი შეზღუდვები დაწესდა“.

„დომოდედოვოსა“ და ნიჟნი-ნოვგოროდის აეროპორტები კი „რეისებს შესაბამის ორგანოებთან შეთანხმებით იღებენ და აგზავნიან, რადგან აეროპორტების მიმდებარე საჰაერო სივრცის გამოყენებაზე დროებითი შეზღუდვები მოქმედებს“.

ამასთან, რუსული მონიტორინგის არხი „Радар.ру Приграничье“ იუწყება, რომ უკრაინულმა დრონებმა სარატოვის ოლქი, სადაც ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტიეს, გადაკვეთეს და ვოლგის გასწვრივ ჩრდილოეთისკენ — სამარისა და ულიანოვსკის ოლქებისა და თათრეთის მიმართულებით — განაგრძეს ფრენა.