დაკავებულია მამაკაცი, რომელიც პენსიონერების მოტყუებით 48 983 ლარს დაეუფლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ბრალდებული თავს სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლად ასაღებდა, თბილისში მცხოვრებ პენსიონერებს უკავშირდებოდა და კომუნალურ შეღავათებზე ზრუნვის საბაბით მათ პირად მონაცემებს უკანონოდ ეუფლებოდა. ამის შემდეგ იგივე პირი დაზარალებულებს უკვე ეროვნული ბანკის სახელით ხელმეორედ ურეკავდა და ატყობინებდა, თითქოს მათ საბანკო ანგარიშებს დაბლოკვა და თანხების ჩამორთმევა ემუქრებოდა. უწყების ცნობით, საფრთხის თავიდან აცილებისა და ფულის წარმომავლობის დადგენის მოტივით, ის მოქალაქეებს ნაღდი ფულის შუამავლისთვის გადაცემას სთავაზობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება. რაც შეეხება დაკავებულ მამაკაცს – ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.















