შეერთებული შტატები სავიზო დეპოზიტების პროგრამას, რომელიც აქამდე საპილოტე ხასიათს ატარებდა, მუდმივმოქმედ პროგრამად აქცევს. ამასთან, დეპოზიტის მაქსიმალური ოდენობა 15 000-დან 20 000 დოლარამდე იზრდება.
პროგრამა 50 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებზე ვრცელდება და ბიზნესისა და ტურისტული — B1 და B2 — ვიზების გაცემისას დეპოზიტის გადახდას ითვალისწინებს.
პარასკევს გამოქვეყნებულ ფედერალურ შეტყობინებაში ჩამოთვლილია ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებზეც სავიზო დეპოზიტების პროგრამა გავრცელდება. სიაში საქართველოსთან ერთად ძირითადად აფრიკისა და აზიის ქვეყნები შედიან, ასევე — კარიბის რეგიონის, ოკეანეთისა და ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის რამდენიმე ქვეყანა.
„საკონსულოს თანამშრომლებმა შეიძლება არასაიმიგრაციო ვიზაზე განცხადების შემტანებისგან ვიზის გაცემის პირობად 20 000 აშშ დოლარამდე დეპოზიტის გადახდა მოითხოვონ, საკონსულოს თანამშრომლების მიერ განსაზღვრული ოდენობით“, — ნათქვამია შეტყობინებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, 2025 წელს დაწყებულმა საპილოტე პროგრამამ სახელმწიფო დეპარტამენტს, შიდა უსაფრთხოების სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს მისცა შესაძლებლობა შეეფასებინათ სავიზო დეპოზიტების ადმინისტრირების მიზანშეწონილობა.
უწყების განცხადებით, მიღებული მონაცემები იძლევა საფუძველს ჩაითვალოს, რომ სავიზო დეპოზიტი ეფექტიანი ინსტრუმენტია ვიზის მფლობელთა მიერ შეერთებულ შტატებში ყოფნის პირობებისა და ქვეყნის დროულად დატოვების მოთხოვნის შესრულების უზრუნველსაყოფად.
საპილოტე პროგრამის ფარგლებში საკონსულოს თანამშრომლებს შეეძლოთ მოეთხოვათ 5 000, 10 000 ან 15 000 დოლარის დეპოზიტი. საბოლოო წესი 5 000-დოლარიან ვარიანტს აუქმებს, ხოლო მაქსიმალურ ოდენობას 20 000 დოლარამდე ზრდის.
დეპოზიტის გადახდა ყველა განმცხადებელს ავტომატურად არ დაეკისრება. მის მოთხოვნასა და კონკრეტულ ოდენობას საკონსულოს თანამშრომელი ინდივიდუალურად განსაზღვრავს. დეპოზიტი ვიზის საფასური არ არის და ვიზის მფლობელს თანხა უკან დაუბრუნდება, თუ იგი შეერთებულ შტატებს მისთვის განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე დატოვებს და პროგრამის პირობებს დაიცავს.
საბოლოო წესი 3 აგვისტოს შევა ძალაში.
აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, პოლიტიკის მიზანია შემცირდეს შემთხვევები, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები ვიზის მოქმედების ან ქვეყანაში ყოფნის ნებადართული ვადის ამოწურვის შემდეგ შეერთებულ შტატებში რჩებიან. მათი თქმით, პროგრამა ასევე აუცილებელია საიმიგრაციო წესების დაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების გასაძლიერებლად.
იმიგრანტების უფლებების დამცველები კი აცხადებენ, რომ 20 000 დოლარამდე დეპოზიტის მოთხოვნა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის შეერთებულ შტატებში კანონიერ მოგზაურობას მნიშვნელოვნად გაართულებს.















