200 ნაციონალის თავებიც შეგვიძლია დავთვალოთ, რომელიც 20 ივნისს შეიკრიბება – კობახიძე

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზე ამბობს, რომ შეკრება პრობლემა არ იქნება არც პოლიტიკური და არც პანდემიის კუთხით.

მისი თქმით, “200 ნაციონალის” თავების დათვლაც შესაძლებელი იქნება.

“კანონი არ კრძალავს პოლიტიკური შინაარსის შეკრებებს, თუმცა, მთავარი აქ არის, რომ 200 “ნაციონალის” შეკრება არ არის პრობლემა არც პოლიტიკური, არც პანდემიის კუთხით. შესაბამისად, შეიკრიბონ რამდენიც უნდათ. იქ იდგება 200 “ნაციონალი”, ყველა სათითაოდ შეგვიძლია დავთვალოთ. ეს უფრო მარტივი იქნება იმის გათვალისწინებით, რომ ისინი გარკვეულ სოციალურ დისტანციას ალბათ, დაიცავენ, თავებიც შეგვიძლია, დავთვალოთ 200 “ნაციონალის”, რომელიც შეიკრიბება 20 ივნისს”, – განაცხადა კობახიძემ.

20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა გია ვოლსკიმაც. მისი თქმით, შესაძლოა, რთული სიტუაცია შეიქმნას, ამიტომ იმედი აქვს, რომ სამართალდამცველები “თავის სიმაღლეზე” იქნებიან.

ცნობისთვის, მოძრაობა “სირცხვილიამ” გავრილოვის ღამის წლისთავზე, 20 ივნისს აქცია დაგეგმა. სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, რუსთაველის მოედანზე იწვევენ მათ:

,,ვისაც გაწუხებთ:

  • ერთპიროვნული მმართველობა, სადაც პასუხისმგებელი ხალხის წინაშე არავინ არის;
  • ადამიანის უფლებების სისტემატური რღვევა;
  • სახელმწიფოს ყველა შტოს მიტაცება;
  • ბიუჯეტის ფლანგვა და არჩევნების მოსაგებად განიავებული სახელმწიფო ქონება;
  • და საქართველოს ჩქარი ტემპებით რუსეთის გუბერნიად ქცევა

გელოდებით 20 ივნისს, “გავრილოვის ღამიდან” 1 წლის თავზე, კვლავ რუსთაველზე. იმიტომ, რომ ჩვენ გვახსოვს რა ჩაიდინეს გასულ ზაფხულს და ისევ სირცხვილია”,- წერია აქციის აღწერაში.

მათივე ინფორმაციით, აქციაზე დაცული იქნება ჯანდაცვის რეკომენდაციები.