2008 წლის ტრაგედია არის პირადად მიხეილ სააკაშვილის და მისი გუნდის დამსახურება – სუბარი

ქართული ოცნების დეპუტატი სოზარ სუბარი ამტკიცებს, რომ 2008 წლის ომის მიხეილ სააკაშვილის “დამსახურებაა”.

“პირველ რიგში “დამსახურებაზეა” და ეს სიტყვა ბრჭყალებში, მართლა ტრაგედიაზეა საუბარი, რაც მოხდა 2008 წელს, არის პირადად მიხეილ სააკაშვილის და მისი გუნდის დამსახურება, რომლებმაც მიატოვეს ხალხი კოდორის ხეობაში, მიატოვეს ხალხი დიდი და პატარა ლიახვის ხეობაში, ფრონეს ხეობაში.

მერე, როდესაც რუსების ტანკებმა, რომლებიც მოდიოდნენ გორის ტრასაზე, აუხვიეს ახალგორისკენ, ისეთი სიხარულით გვახარა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ტელევიზორიდან, არიქა, გადავრჩით, ახალგორის დასაპყრობად მიდიანო, თითქოს ახალგორი საქართველო არაა.

მიხეილ სააკაშვილიც ინტერვიუც გვახსოვს, სადაც ამბობდა, რომ საქართველოს არაფერი დაუკარგავს, გარდა რამდენიმე ქვაღორღიანი ადგილისა, რომელსაც ფასი არ აქვს თურმე, ქვეყნისთვის, სამაგიეროდ, ჩამოვხსენით ნიღაბი რუსეთსო. ისევე, როგორც ფასი არ ჰქონდა იმ ხელისუფლებისთვის დავითგარეჯს და უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრებს…”,- თქვა პირველი არხის ეთერში.