2024 წლის არჩევნებამდე „ნაციონალური მოძრაობა“ განადგურებული უნდა იყოს – ეს მუმია საპატიოდ უნდა დავკრძალოთ-იაგო ხვიჩია

„ქართულ ოცნებას“ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაშვება აწყობს და ახლა ისინი ყველაფერს იზამენ, რომ სააკაშვილი გაუშვან , – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, წინააღმდეგია ყოფილი პრეზიდენტის ჰუმანიტარული მიზნით საზღვარგარეთ გაშვების, ვიდრე „ქოც-ნაცური დაპირისპირება არსებობს“.

მისივე განცხადებით, სააკაშვილი თავად რისკავს საკუთარი ჯანმრთელობით.

„თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოდან წავიდა, ის ციხეში არ დაბრუნდება. „ქართულ ოცნებას“ მიხეილ სააკაშვილის გაშვება აწყობს და ახლა ისინი ყველაფერს იზამენ იმისათვის, რომ სააკაშვილი გაუშვან, ამით „ნაციონალური მოძრაობა“ მათი მტრის ხატი, განადგურებას გადაარჩინონ. მე წინააღმდეგი ვარ მიხეილ სააკაშვილის გაშვების, ვიდრე ქოც-ნაცური დაპირისპირება არსებობს. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამ შემთხვევაში მართალია, ვიდრე ბრძოლა არ დამთავრებულა, არც ხელი ჩამოურთმევიათ, მანამდე უაზრობად მეჩვენება და მგონია, რომ ეს „ქართულ ოცნებას“ აწყობს და თვითონ გაათავისუფლებს ძალიან მალე, როცა აღმოაჩენს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ წარმოადგენს საფრთხეს და სააკაშვილი გარეთ არის საჭირო.

2024 წლის არჩევნებამდე „ნაციონალური მოძრაობა“ განადგურებული უნდა იყოს, არც ახლაა მისგან რამე დარჩენილი, ეს ყველაფერი არის „ნაციონალური მოძრაობის“ მუმია და ეს მუმია საპატიოდ უნდა დავკრძალოთ.

არავის არ სჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში კლავენ და აწამებენ. სააკაშვილი თავად რისკავს საკუთარი ჯანმრთელობით. ის არის მებრძოლი, უბრალოდ ციხეშია და იქიდან იბრძვის“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მისივე შეფასებით, ხელისუფლება შექმნილ მდგომარეობას იყენებს იმისთვის, რომ დასაშვები გახდეს დისკუსია – გვინდა თუ არა დასავლეთისკენ.