208 დღე მშვიდად ვუყურებდით პროტესტს და 3 დღე ვერ ავიტანეთ საკუთარ ტერიტორიაზე? – ცირა ელისაშვილი ნამოხვანჰესის საპროტესტო აქციაზე

“208 დღე მშვიდად ვუყურებდით იმ ხალხის პროტესტს, რომელიც ჩვენგან შორს, სადღაც 260 კილომეტრის მოშორებით იდგა და მხოლოდ 3 დღე ვერ ავიტანეთ საკუთარ ტერიტორიაზე?”- ასე ეხმაურება, არასამათავრობო ორგანიზაცია „ტფილისის ჰამქრის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და ურბანისტი, ნამოხვანჰესის საპროტესტო აქციას თბილისში.

“გუმათსა და ნამოხვანში ნამყოფი ვარ და ჩემი პოზიცია ღიად დავაფიქსირე გადაცემა “მე-17 სართულში”. თუმცა მაინც ვიტყვი #არანამოხვანჰესზე:

1- ცალსახად ვეთანხმები პროტესტს.
2- ვეწინააღმდეგები კაბალურ ხელშეკრულებას.
3- ვენდობი სეისმოლოგებს, გეოლოგებს, გარემოს დამცველებს, რომლებიც ასაბუთებენ რომ ნამოხვანზე არსებული პროფესიული დოკუმენტაცია არასაკმარისია.
რას ვისურვებდი:

1-პროტესტის გარშემო უფრო მეტი რაოდენობის ადამიანებს.
2- ჟურნალისტების მეტ ადეკვატურობას და ხეობის მცველების მეტ ღიაობას მედიასთან.
3- რიონის ხეობის დამცველების მხრიდან უფრო მკაცრ და ძალიან ცალსახა გამიჯვნას ძალადობისა და ჰომოფობიური ჯგუფებისაგან.

რამ გამაკვირვა:

ოცნებისა და მთელი ოპოზიციური სპექტრის დაწყვილებამ ნამოხვანჰესის მხარდასაჭერად.
რამ არ გამაკვირვა:

ოცნებისა და მთელი ოპოზიციური სპექტრის დაწყვილებამ ნამოხვანჰესის მხარდასაჭერად.)))))))
რა გამოჩნდა:

ამ პროტესტმა გადაფარა მიმდინარე პოლიტიკური ციკლი! ეს მოხდა პირველად და ამ პოლიტუკურმა ელიტამ (ოცნება-ოპოზიციამ) იგრძნო კონკურენცია, რომ არსებობს ვიღაც “სოფლელი ბიჭი”, რომელმაც შეძლო მათი პოლიტიკური დღის წესრიგის მეათე ხარისხოვნად ქცევა! და, ეს მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს პოლიტიკური ელიტა უკვე დიდი ხანია ვერ ხედავს რეალურ სურათს, არ ესმის საკუთარი ხალხის, არ საუბრობს რეალურ პრობლემებზე…

რაც ვერ გავიგე მაინც ის არის, რომ ოცნების მიერ მართული ვარლამი ოცნების წისქვილზე როგორ ასხამს წყალს, როცა ოპოზიციის რიტორიკა გაჭრილი ვაშლივით გავს ხელისუფლების პოზიციას. რთული წინადადებაა, მაგრამ აქტუალური..

ახლა ვნახე კომენტარი: “რას ნიშნავს თბილისის პარალიზებას მოვახდენთო. ცოტა ფრთხილად იყვნენ დედაქალაქში იმყოფებიან.. ფრთხილად იყავით თბილისში ხართ-ო!!!!!

არადა, 23 მაისს, აქციაზე მაკა სულაძემ როგორც თქვა “ხელგაწვდილი მოვდიოდით შენთან თბილისო, როგორც დედა ქალაქთანო…”

რაო, 208 დღე მშვიდად ვუყურებდით იმ ხალხის პროტესტს, რომელიც ჩვენგან შორს, სადღაც 260 კილომეტრის მოშორებით იდგა და მხოლოდ 3 დღე ვერ ავიტანეთ საკუთარ ტერიტორიაზე?
სიმშვიდე დაგვირღვია “რიონის” თბილისში შემოსვლამ. ამ ქალაქის სნობიზმი უკვე დიდი ხანია ვერა-ვაკის საზღვრებს მიღმა თბილისს ვეღარ აღიქვამს. მთავარია მე თბილისში არ შევწუხდე, თორემ ხვამლის მთის ქვემოთ რა მოხდება რა ჩემი სადარდებელია.

არადა, ჩემო მრავალგზის ნაღალატევო თბილისო, შენთვის რომ რიონის ხეობის მცველებივით გვებრძოლა ახლა არც მდინარე დაკარგული ქალაქი იქნებოდი და არც ბეტონის ჯუნგლებად ქცეული გეტტო. ხოდა, მიდის რიონი ხვალ. მიდის ხეობაში. უფრო იმედგაცრიუბული ალბათ, ვიდრე ნუგეშცემული… მიდის რომ აღარ შეწუხდე და ღრმად ისუნთქო არაპარალიზებული ქალაქის ურბანული გამონაბოლქვი. ჭეშმარიტი თბილისელები სხვას ვერაფერს გთავაზობთ.”- წერს ცირა ელისაშვილი სოციალურ ქსელში.