24-წლიან კომისიაზე საუბრობს ჰაკიმ ფაშას კანტორა, ძნელია, დაიჯერო – მარგველაშვილი

საქართველოს მე-4 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ისინი 24-წლიანი ისტორიის კომისიის წევრები არიან, თუმცა რატომღაც საქმე არჩევნებამდე 3 კვირით ადრე წამოიწია.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია საქმის წამოწევის დრო და ის ადამიანები, ვინც ეს გააკეთა.

“საქმე, რომელსაც ჩვენ დღეს ვიხილავთ, 24-წლიანი ისტორიის კომისიიდან არის, ამ კომისიაში ათობით პროფესიონალი მონაწილეობდა სხვადასხვა უწყებიდან. ეს რუკაც არ არის ახალი ამბავი, არამედ ცნობილია კომისიის წევრებისთვის 1996 წლიდან. 24 წლის საქმე უცებ, არჩევნების წინ, 3 კვირით ადრე ასეთი პოლიტიზირებული ფორმით [გამოვიდა]”,- ამბობს მარგველაშვილი ტვ პირველის ეთერში.

მისი თქმით, ამ საქმეზე “ჰაკიმ ფაშას კანტორა” საუბრობს, ამიტომ რთულად დასაჯერებელია.

“როდესაც მე დღეს ვისმენ რაიმეს, რასაც საუბრობს ქართული ოცნების პოლიტპროპაგანდისტები, ძალიან ძნელია ჩემთვის მათ ინფორმაციას ობიექტურად ვუყურო. ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც იკადრა და 2014 წლიდან მე მდებდა ბრალს, რომ ნაციონალებთან ვარ შეკრული. ეს არის ძალა, რომელმაც 2013 წელს სრულიად უდანაშაულო ხალხი, იმიტომ რომ კირვალიძისთვის პრობლემები შეექმნათ, ციხეში ჩასვა კორუფციის ბრალდებით, იგივე გაუკეთეს ალასანიასაც. კაბელების, ტრაქტორების, თიბისი ბანკის – ხაზარაძის საქმე, ჰაკიმ ფაშას კანტორა საუბრობს. ამათი პირიდან ნათქვამი და მოსმენილი ძნელია, რომ ზედაპირულად დაიჯერო”,- ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი, ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის მტკიცებით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ.