26-ში ახალი გირჩი დაფუძნდება, სახელიც და ლოგოც იგივე იქნება – ჯაფარიძე

გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, 26 დეკემბერს ახალი გირჩი დაფუძნდება, რომლის სახელიც და ლოგოც იგივე იქნება, რაც პირველი პარტიის.

“26–ში, 15 საათზე იქნება ახალი გირჩის ყრილობა, სადაც ახალი გირჩი დაფუძნდება. სახელიც იგივე იქნება, ლოგოც იგივე იქნება და ორი გირჩი იქნება ქვეყანაში. ვიცი, რომ ერთიც ყელში ჰქონდა ხალხს ამოსული, რაღაც ნაწილს ამ ქვეყნის საზოგადოებას, მაგრამ იქნება 2 და იქნება კონკურენცია. საბოლოო ჯამში, კონკურენცია აჩვენებს, ვინ უფრო კარგად აკეთებს ამ საქმეს, მე რაზეც დავხარჯე ჩემი ცხოვრების ბოლო რამდენიმე წელი. მე ვაპირებ, რომ იგივე გავაგრძელო ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად, რომელიც ჩემს გარშემო არიან”,– ამბობს ჯაფარიძე ფორმულასთან საუბრისას.

მისივე განცხადებით, ახალ პარტიაში ცნობილი პოლიტიკური ლიდერები არ იქნებიან, მაგრამ ის იქნება ღია პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს ბევრი ახალი ადამიანის მოსვლას პოლიტიკაში.

“აქცენტი იქნება ახალგაზრდებზე, რომლებიც გირჩმა დააინტერესა პოლიტიკით და ანახა, რომ პოლიტიკის კეთება შესაძლებელია სუფთად და წესიერად და ეგეთი ახალგაზრდების ხელშეწყობისთვის იქნება ეს პლატფორმა”,– აღნიშნა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, პარტია გირჩი რამდენიმე დღის წინ დაიშალა. ზურაბ ჯაფარიძემ ვახო მეგრელიშვილთან და იაგო ხვიჩიასთან პოლიტიკური თანამშრომლობა გაწყვიტა.