4 შვილს 4 ბინა ვუყიდე, მე-5 მრჩება და მიწა უნდა მივიტაცო, ვერ იქნება არგუმენტი – კალაძე

“ის ვერ იქნება არგუმენტი, რომ მე შევძელი, ოთხ შვილს ოთხი ბინა ვუყიდე, მეხუთე ისე მრჩება და სახლემწიფო მიწა უნდა მივიტაცო”,– ასე ეხმიანება თბილისის მერი კახა კალაძე დღეს, თვალჭრელიძის ქუჩაზე სახლების დემონტაჟის გაგრძელებას.

“ირკვევა, რომ ბევრ მათგანს, ამ ადამიანებს, ვინც სახელმწიფო მიწებს იტაცებს, აქვს საცხოვრებელი სახლები, არაერთი. სხვადასხვა ქალაქებში, რაიონებში, სოფლებში, მათ შორის, დედაქალაქშიც და არა ერთი.

ის ვერ იქნება არგუმენტი, რომ მე შევძელი, ოთხ შვილს ოთხი ბინა ვუყიდე, მეხუთე ისე მრჩება და სახლემწიფო მიწა უნდა მივიტაცო. ეს არაფერში არ ჯდება, ეს დამოკიდებულება, ეს მიდგომები. ღმერთმა ყველას შეაძლებინოს და 4 კი არა, 100 ბინა აყიდინოს. არგუმენტად რომ მოგყავს, რომ 4 ბინის ყიდვა შეძელი, მეხუთე შვილი ფორტეპიანოზე უკრავს, თუ საქსაფონზე და მეზობლებს აწუხებს და ამის გამო მიწას იტაცებ, არ ვიცი, არაფერში ჯდება”. – ამბობს კალაძე.

დღეს დილით, თბილისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩაზე დაანგრია 7 შენობა დაანგრია. უწყება აცხადებს, რომ ისინი უკანონოდ იყო აშენებული. ერთ–ერთი მცხოვრების თქმით, მას სხვა არანაირი ქონება არ გააჩნია და შეუძლიათ, შეამოწმონ.

თბილისის მერიის მუნიციპალურმა სამსახურმა 18 დეკემბერს განაცხადა, რომ თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ, 7 უკანონო შენობა-ნაგებობის დემონტაჟისთვის მეპატრონეებს 4 დღეს აძლევს და წინააღმდეგ შემთხვევაში დემონტაჟს თავად დაიწყებს.

15 დეკემბერს მერიამ აფრიკის დასახლებაში 20–მდე შენობა დაანგრია, რასაც საზოგადოებრივი საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.