4-დან 8 წლამდე პატიმრობით დაისჯებით, თუ უკანონოდ მოპოვებულ პირადი ცხოვრების კადრებს შეინახავთ, ან ვინმეს გაუზიარებთ

4-დან 8 წლამდე პატიმრობით დაისჯებით, თუ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს ნებისმიერი ფორმით შეინახავთ და გაავრცელებთ. ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც უკანონოდ მოპოვებულ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოს, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ან პირადად მას გაუზიარეს, ნებისმიერი ფორმით შეინახავს (ტელეფონში ან კომპიუტერში აპლიკაციით ჩამოწერს, ეკრანზე ვიდეოს გადაუღებს) და შემდეგ სხვა პირებს (მეგობრებს, ნაცნობებს) გაუზიარებს, კანონის შესაბამისად დაისჯება.

“საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია. სისხლის სამართლის წესით ისჯება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის როგორც ნებისმიერი საშუალებით გავრცელება (მათ შორის მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაგზავნა), ასევე, მისი შენახვა, რაც ისჯება 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით. მოვუწოდებთ საზოგადოებას, არ ჩაერთონ დანაშაულებრივ საქმიანობაში და შეწყვიტონ მსგავსი ვიდეოჩანაწერის ნებისმიერი სახით გავრცელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები”,განაცხადეს დღეს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე.