4 ქართველი კიევში ქურდობისთვის დააკავეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით კიევში ქურდობის სერიის ბრალდებით საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც უკრაინაში ტურისტული ვიზიტით იმყოფებოდნენ და ჰოსტელში ცხოვრობდნენ.
ეჭვმიტანილებმა წინასწარი მონაცემებით ერთ ღამეში ორი უცხოელი, ერთი ტაქსისტი და კიდევ ერთი ადამიანი გაქურდეს, რომლის ვინაობა ჯერჯერობით არ ხმაურდება. მათ მოიპარეს ორი საათი, პორტმონე, ძეწკვები და სხვა ძვირფასეულობა.
ქართველები ქუჩაში დააკავეს, როცა მათი ავტომანქანა პატრულმა გააჩერა. მათ პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შემდეგაც ადგილზე პოლიციის დამატებითი ძალები გამოიძახეს. მამაკაცები შეეცადნენ ნაქურდალი თავიდან მოეშორებინათ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სამი მათგანი მთვრალი იყო, მეოთხემ კი განაცხადა, რომ თან ნარკოტიკები ჰქონდა.
დაკითხვაზე დაკავებულებმა ქურდობებთან მათი კავშირი უარყვეს,  ამავე დროს ერთ–ერთი მათგანი დაინტერესდა, აძლევენ თუ არა პატიმრებს უკრაინულ ციხეში პლედებს.
როგორც კიევის პოლიციის ვებგვერდზეა ნათქვამი, 16 თებერვალს სამართალდამცავ ორგანოებში 119 შეტყობინება შევიდა ქურდობის შესახებ, 4 ძარცვის და ერთი ყაჩაღური თავდასხმის შესახებ.