40 წელი სხვისი გულით-გინესის რეკორდების წიგნმა დაადგინა,ვინ იცოცხლა ყველაზე დიდხანს ტრანსპლანტაციის შემდეგ

გინესის რეკორდების წიგნმა დაადასტურა, რომ 57 წლის ჰოლანდიელი ბერტ იანსენი არის ადამიანი, რომელიც ისტორიაში ყველაზე დიდი ხანია გადანერგილი გულით ცხოვრობს.

მან ეს ოპერაცია თითქმის 40 წლის წინ გაიკეთა. 17 წლის ასაკში იანსენს  კარდიომიოპათია დაუდგინეს, დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს გულის უნარზე სისხლი გადატუმბოს. ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ მკურნალობისთვის გულის გადანერგვა იყო საჭირო. იმ დროს ასეთი ოპერაციები ნიდერლანდებში არ კეთდებოდა.

ამიტომ, იანსენის ექიმმა ბრიტანულ ჰარეფილდის საავადმყოფოს მიმართა, რომელიც ლონდონში მდებარეობს და გულის დაავადებებზეა სპეციალიზირებული.

მისი მკურნალობა საკუთარ თავზე აიღო ცნობილმა ეგვიპტელ-ბრიტანელმა ქირურგმა მაგდი იაკუბმა, რომელმაც მოგვიანებით მედიცინაში შეტანილი წვლილისთვის რაინდის წოდება მიიღო.

ბერტ იანსენი 18 წლის ასაკში

გადანერგვა 1984 წლის 6 ივნისს მოხდა, მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ იქიდან, რაც 18 წლის იანსენი საავადმყოფოში მივიდა. “ყველაფერი ძალიან სწრაფად წავიდა. ჰარეფილდში ჩემი მისვლიდან  ერთი კვირა იყო გასული, როცა ლონდონში მომხდარი სერიოზული ავტოავარიის შემდეგ ერთდროულად ორი დონორის გული გაჩნდა. ერთი მათგანი ჩემთვის შესაფერისი აღმოჩნდა და გადამინერგეს.“– ამბობს პაციენტი.

იანსენი ამბობს, რომ “დღემდე მადლიერია წარმოუდგენელი საჩუქრისთვის”, რომელიც  მისი დონორისგან მიიღო. პაციენტის თქმით, ოპერაციის შემდეგ ის სწრაფად გამოჯანმრთელდა და მას შემდეგ სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვრა. ახლა იანსენს ჰყავს ცოლი და ორი შვილი და მისი ერთ-ერთი ჰობია პლანერით ფრენა.

„ვერც ვიოცნებებდი, რომ ასეთ გზას გავივლიდი“, აღიარებს ის. ”ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩემი საქმე მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა სხვა ადამიანებისთვის.” ახლა ოფიციალურად არის აღიარებული, რომ დონორის გულით ასე დიდხანს ცხოვრება შეგიძლიათ. ვფიქრობ, საზღვრები შეიძლება ცოტათი კიდევ გადაიწიოს და მოხარული ვიქნები, თუ ვინმე საბოლოოდ დაამარცხებს ჩემს რეკორდს”, დასძენს იანსენი.

იანსენის ოპერაცია იყო 107-ე გულის გადანერგვა ჰარეფილდის ჰოსპიტალში. მაგდი იაკუბმა პირველი ასეთი პროცედურა 1980 წელს ჩაატარა და მას შემდეგ გულის გადანერგვა თითქმის რუტინული გახდა: ათასობით პაციენტმა გაიკეთა ეს ოპერაცია. საავადმყოფომ მხოლოდ 2022-23 წლებში 54-ჯერ ჩაატარა გულის გადანერგვის ოპერაცია.