44 მილიარდიანი გარიგება დახურულია:მასკი Twitter–ის მფლობელი და დირექტორი გახდა. რა შეიცვლება

პლანეტის უმდიდრესმა ადამიანმა,  SpaceX–ის და Tesla–ს დამფუძნებელმა ილონ მასკმა უკვე დახურა სოციალურ ქსელ ტვიტერის შეძენის თაობაზე გარიგება. 44 მილიარდ დოლარად ის კომპანიის მფლობელი გახდა და მას სათავეში ჩაუდგა.

იმის გამო, რომ სოციალური ქსელის მართვა მასკის ხელში გადავიდა, ტვიტერის გენერალურმა დირექტორმა, პარაგ აგრავალმა და ფინანსურმა დირექტორმა ნედ სიგალმა თანამდებობები დატოვეს.

ამერიკული მედია წერს, რომ ისინი უკან აღარ დაბრუნდებიან, რადგან კომპანიაში“მასკის ერა დაიწყო.“

Twitter–ის შეძენის შესახებ გარიგება პარასკევამდე უნდა დახურულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში მასკს სასამართლო გარჩევა ელოდა, რომლის მოგების შანსი ძალიან დაბალი იყო.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე ბანკმა გარიგების დაფინანსებისთვის შექმნილ სპეციალურ ანგარიშზე თანხების გადარიცხვა დაიწყო.

ვინაიდან ტვიტერი კერძო ხელში გადავიდა, სოციალური ქსელის აქციები ნიუ–იორკის საფონდო ბირჟის ვაჭრობიდან მოიხსნება.

მასკი ტვიტერის შეძენამდე აცხადებდა, რომ კომპანიაში სამუშაო ადგილებს და ხარჯებს შეამცირებს და ამ სოციალურ ქსელს უფრო ინოვაციურს გახდის. ის ამტკიცებდა, რომ მისი ინტერესი პლატფორმის მიმართ ფულის კეთებას არ უკავშირდება და მას უბრალოდ უნდა “კაცობრიობას დაეხმაროს, რომ მას ერთიანი ციფრული პლატფორმა“  ქონდეს.

ის ასევე პირობას დებდა, რომ შეასუსტებს პლატფორმაზე კონტენტის მოდერაციის წესებს და მოხსნის დაბლოკვებს, მათ შორის აშშ–ს ყოფლ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს.

ვარაუდობენ, რომ მასკი კომპანიის ხელმძღვანელის ფუნქციებს მანამ შეასრულებს, სანამ ახალ ხელმძღვანელობას არ შეარჩევს.

გუშინ ის სან–ფრანცისკოში ტვიტერის სათაო ოფისში მივიდა თანამშრომლებთან შესახვედრად. შენობაში ონკანის ნიჟარით ხელში შევიდა და ამგვარად პოპულარული მემი გაითამაშა.

გავრცელებული ინფორმაციით მან ზოგიერთ თანამშრომელს უთხრა, რომ სინამდვილეში არ აპირებს სამუშაო ადგილების 75 %–ით შემცირებას.

მასკი ტვიტერის თანამშრომლებთან ერთად ყავას სვამს

ილონ მასკი აპრილში ტვიტერის უმსხვილესი აქციონერი გახდა, როცა კომპანიის აქციების 9.1% ერთბაშად გამოისყიდა. გარიგების ღირებულებამ 2.64 მილიარდი დოლარი შეადგნა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ტვიტერის მთლიანი ღირებულება თითქმის 30 მილიარდ დოლარად ფასდებოდა.

ბიზნესმენმა განაცხადა, რომ მზად იყო დანარჩენი აქციები კიდევ უფრო ძვირად  გამოესყიდა, რამაც გარიგების თანხა რეკორდულ 44 მილიარდ დოლარამდე გაზარდა.

თუმცა, ივლისში მასკმა გადაიფიქრა და თქვა, რომ კომპანიამ მას დეტალური ინფორმაცია არ მიაწოდა პლატფორმაზე არსებული ყალბი ანგარიშების შესახებ.

სოციალურ ქსელში განაცხადეს, რომ სინამდვილეში მასკმა სხვა მიზეზით გადაიფიქრა – იმ დროისთვის კომპანიის აქციების ფასი დაეცა და ამიტომაც მასთან სასამართლოში დავას აპირებდნენ.

ოქტომბრის დასაწყისში მასკმა ისევ გადაიფიქრა და ადვოკატების საშუალებით განაცხადა, რომ მზად იყო საკონტროლო პაკეტში იგივე ფასი გადაეხადა, რაც აპრილში თქვა, ანუ 44 მილიარდი დოლარი მთელ პაკეტში.

ბევრი ანალიტიკოსი თვლის, რომ მასკის მიერ სოციალურ ქსელში გადახდილი თანხა ძალიან მაღალია, თუ გავითვალისწინებთ ბევრი ტექნოლოგიური კომპანიის ღირებულების კლებას და ტვიტერის ბრძოლას მომხმარებელთა მოსაპოვებლად და გასაზრდელად.

თავად მასკი არ უარყოფდა, რომ ზედმეტს იხდის და ტვიტერი ამჟამად არცთუ მიმზიდველი აქტივია, თუმცა მისი თქმით, ამ ქსელს  ზრდის წარმოუდგენელი პოტენციალი აქვს.