“საექსპორტო ბაზარზე გაყიდვების შენარჩუნება ეკონომიკის გადარჩენის გზაა“–ირაკლი ცუცქირიძე

„ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, საწარმოო პროცესი აღდგენილია და ჩვეულ რეჟიმში, შეუფერხებლად მიმდინარეობს“, – ამის შესახებ newsreport-ს ხის დეტალების მწარმოებელი კომპანია “დონზორის” დირექტორმა ირაკლი ცუცქირიძემ განუცხადა. “ჩვენ შევინარჩუნეთ თანამშრომლები, არ შეგვიწყვეტია მათთვის ანაზღაურება. საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც კომპანია საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ყველა უსაფრთხოების ნორმების დაცვით მუშაობს” – აცხადებს ირაკლი ცუცქირიძე.

ბიზნესმენის განმარტებით კომპანია ძირითადად ექსპორტზეა ორიენტირებული.

“ჩვენი პროდუქტი ძირითადად საექსპორტოა და პანდემიის პირობებში მნიშვნელოვანი იყო შეგვენარჩუნებინა დამკვეთები. მოგეხსენებათ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო შეფერხებებს ქონდა ადგილი სატრანსპორტო სფეროშიც, შეიქნმა ლოჯისტიკასთან დაკავშირებული სირთულეები. მიუხედავად იმისა, რომ საწყის ეტაპზე ბუნდოვანი იყო მომავალი, ევროპელ პარტნიორებთან ერთად შევძელით პრობლემების გადალახვა. აქვე უნდა ითქვას ბიზნესის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულების შესახებაც, ჩვენ ვგრძნობდით მხარდაჭერას ყველა დონეზე.

ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წარმოება და ექსპორტი, რაც მთავრობის პრიორიტეტებდიც შედის. ვფიქრობ წარმოების შენარჩუნება, გაზრდა და ექსპორტი იქნება ჩვენი ეკონომიკის გადარჩენის ქვაკუთხედი”, ამბობს ირაკლი ცუცქირიძე.

კომპანია “დონზორმა” დასახულ მიზანს მიაღწია, აცხადებს ცუცქირიძე – “ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის, რომ ჩვენი გაყიდვების მოცულობა არ შემცირებულა და მეტსაც გეტყვით, ჩვენს პარტნიორებთან ერთად წლის ბოლომდე მოცულობის ზრდის გეგმებიც დავსახეთ. ასე, რომ იმედიანად ვართ, განწყობილი”.

კომპანია “დონზორი”  რამდენიმე წელია ხის დეტალების წარმოებითა და ექსპორტით არის დაკავებული. ის აქტიურად თანამშრომლობს ფრანგულ და ბრიტანულ კომპანიებთან.