საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე საზოგადოებას აღდგომას ულოცავს და ამბობს, რომ 9 აპრილის ერთობისა და ძმობის განცდა გამეორდა.
მისი თქმით, რომ შეეძლოს, სათითაოდ ყველა ქართველს პირადად მიულოცავდა.
,,ქრისტე აღდგა! მინდა ყველას მოგეფეროთ! ყველას! ისეთი მოჭარბებული სიხარული მოგვცა ღმერთმა ამ ღამეს, შეგვიძლია ყველა უსიყვარულობა, განკითხვა, შური და მტრობა დავამარცხოთ. რომ შეიძლებოდეს სათითაოდ, ყველა ქართველს მოგილოცავდით პირადად! 9 აპრილს რომ შეგვიყვარდა ერთმანეთი, ეხლა განმეორდა ეს ერთობისა და ძმობის განცდა!
1. აღსდეგინ ღმერთი, და განიბნინენ ყოველნი მტერნი მისნი, და ივლტოდენ მოძულენი მისნი პირისა მისისაგან. 2. ვითარცა მოაკლდეს კუამლსა, მოაკლდენ, და ვითარცა ცვილი რაი დადნის წინაშე ცეცხლსა ეგრეთ წარწყმდენ ცოდვილნი პირისაგან ღმრთისა. 3. და მართალნი იხარებდენ, მხიარულ იყუნენ წინაშე ღმრთისა და განსხცრებოდიან სიხარულითა. 4. აქებდით ღმერთსა და უგალობდით სახელსა მისსა, გზა-უყავთ მას, რომელ-იგი ამაღლდა დასავალით; უფალ არს სახელი მისი და იხარებდით მის წინაშე. ღვთის წინაშე სიმართლით ცხოვრებით, ყველა მწუხარება გაქრება! ქრისტე აღდგა!”,- წერს დეკანოზი Facebook-ზე.
დღეს მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობისა და ინფექციონისტების რეკომენდაციების მიუხედავად, მართლმადიდებელ ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია მრევლთან ერთად აღევლინა. მთავრობა და საპატრიარქო შეთანხმდნენ, რომ მრევლი ტაძრებში 21 საათზე მივიდოდა და მას დილის 6 საათზე დატოვებდა.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ტაძარში მყოფ მრევლს ურჩევს, თვითიზოლაციაში დარჩნენ და ამით საფრთხე ნულამდე დაიყვანონ.