9 ახალი შემთხვევიდან უმეტესობა თეთრიწყაროს უკავშირდება – ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 9 ახალი შემთხვევიდან უმეტესობა თეთრიწყაროდან არის და ყველას წყარო ცნობილია.

მისივე თქმით, 1 კრიტიკული და ერთი მძიმე პაციენტების მდგომარეობა კვლავ უცვლელია.

“ჩვენს ცენტრში 40 პაციენტი მკურნალობს და აქედან ერთი კრიტიკული, ერთიც მძიმე პაციენტი გვყავს. მათი მდგომარეობა უცვლელია და დანარჩენის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია”, – აცხადებს მარინა ეზუგბაია რუსთავი 2-თან საუბრისას.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 635-მდე გაიზარდა, მათგან  გამოჯანმრთელებულია 309 ადამიანი, 10 პაციენტი კი გარდაიცვალა.