9 მაისი გამარჯვების დღე არ არის – ზურაბ გურული

“ეს გამარჯვების დღე არ არის. ეს სხვათა ბრძოლებში ჩაფერფლილი ქართველების ხსოვნის დღეა.”- ასე ეხმაურება აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი ზურაბ გურული ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, 9 მაისს.

” 9 მაისი შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ რა მოსდევს უსახელმწიფოებრიობას. ეს ის პარადოქსული დღეა, როცა “სამშობლოსათვის” მებრძოლნი რეალურად ოკუპანტის გამარჯვების მოწმენი და შემოქმედნი გახდნენ გარემოებათა ბოროტი დამთხვევის გამო. ეს გამარჯვების დღე არ არის. ეს სხვათა ბრძოლებში ჩაფერფლილი ქართველების ხსოვნის დღეა.

საქართველომ, პატარა ქვეყანამ, უზარმაზარი, დამოუკიდებელი წვლილი შეიტანა იმ პლანეტარული მასშტაბის ბოროტების დამარცხებაში, ფაშიზმს რომ ვუწოდებთ. ჩვენ არასოდეს ვიყავით, ვართ და ვიქნებით მეორე პლანეტარული მასშტაბის ბოროტების ორგანული ნაწილი, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა და რომელმაც ჩაყლაპა და შეინივთა იმ დიდ ომში დაღვრილი ქართული სისხლიც, სახელიც და დამსახურებაც.

კიდევ ერთ გაზაფხულს ვულოცავ დუნიას შემორჩენილ ბებერ ქართველ მგლებს! “- წერს  ზურაბ გურული სოციალურ ქსელში.