მირჩევნია დამიჭირონ უფრო მნიშვნელოვანის კეთების გამო, ვიდრე გირაოს არ გადახდაა – ჯაფარიძე გირაოს გადაიხდის

“მირჩევნია დამიჭირონ უფრო მნიშვნელოვანის კეთების გამო, ვიდრე გირაოს არ გადახდაა ” – კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ზურა ჯაფარიძის თქმით, გირაოს გადაიხდის. ჯაფარიძე მიღებულ გადაწყვეტილებას სამი არგუმენტით ასაბუთებს. ჯაფარიძეს 30 000-ლარიანი არასაპატიმრო გირაო ე.წ საბოტაჟის საქმეზე 22 დეკემბერს შეუფარდეს. ასევე, ჯაფარიძეს პროკურორის ნებართვის გარეშე აეკრძალა საზღვრის კვეთა – ჩამოართვეს როგორც პასპორტი, ისე პირადობის მოწმობა.

“მე ყოველთვის ვამბობდი, რომ გირაოს თემა ჩემთვის არის პირადი საკითხი და ვერაფერი მაიძულებდა ეს თემა განმეხილა პოლიტიკური მიზანშეწონილობის კუთხით. როცა რეჟიმი გაიძულებს გააკეთო რაღაც, მხოლოდ იმ მიზნით რომ გაგტეხოს და არ დამორჩილების შემთხვევაში გემუქრება ციხით, ეს ჩემთვის სცდება პოლიტიკურად სწორია/არასწორიას ფარგლებს და ხდება პირადი ამბავი. ეს არც რეჟიმთან თანამშრომლობა/არ თანამშრომლობის საკითხია. ჩემთვის მთავარია არ მივიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ღამე აღარ დამაძინებს და გამხდის დისფუნქციურს. ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვანია.

მე გადავიხდი ამ გირაოს. ოღონდ არა იმ არგუმენტების გამო, რომლებიც მესმოდა ეს დღეები. და მინდა ავხსნა ჩემი მოტივაცია.

ერთი – მე მგონია, რომ ჩემი ხელახლა გამოკეტვის ალბათობა არის ძალიან მაღალი, ოღონდ არ მჯერა რომ ეს ამბავი დამოკიდებულია იმაზე გადავიხდი თუ არა გირაოს. მე არ გავჩერდები. მე არსად წავალ ამ ქვეყნიდან. და ჩემი გამოკეტვის მიზეზი იქნება ეს. ამჟამად მირჩევნია დამიჭირონ რაღაც უფრო მნიშვნელოვანის კეთების გამო, ვიდრე გირაოს არ გადახდაა.

მეორე – ჩემი სიჯიუტე ამ წლების განმავლობაში იქცა ერთი მხრივ ჩემს სისუსტედ, ხოლო მეორე მხრივ იარაღად რეჟიმის ხელში. ეს სიჯიუტე ხშირად მაქცევს ზედმეტად პროგნოზირებადად, რითიც რეჟიმი სარგებლობს. ამას ვერ ვიაზრებდი, მაგრამ მეგობარმა მიმახვედრა. ამას საბოლოოდ ვერ ვუშველი, მაგრამ როცა შემეძლება, ვეცდები არ გამოვაყენებინო ჩემი ეს თვისება ჩემსავე წინააღმდეგ.

და მესამე და მთავარი ფაქტორი ჩემთვის – ამ ჩემს გადაწყვეტილებაზე არ არის დამოკიდებული მხოლოდ ჩემი უახლოესი მომავალი. ჩემთვის ახლობელი ადამიანების, მათი ოჯახების, შვილების ბედიც დამოკიდებულია იმაზე, რას გადავწყვეტ. მე არ მინდა ჩემი გადაწყვეტილებით არავის შევუზღუდო მოქმედების არეალი. მითუმეტეს ადამიანებს, რომლებსაც ვიცნობ, რომლებთანაც ახლოს ვარ და რომელთა ოჯახებს, შვილებს ვიცნობ. არ მინდა ეს პასუხისმგებლობა. არ დამაძინებს ეს ღამე.” – წერს ჯაფარიძე.