ადვოკატის ინფორმაციით ანასტასია ზინოვკინა დახურული ტიპის ციხეში გადაიყვანეს, შეეზღუდა ზარები

ანასტასია ზინოვკინას ადვოკატის დარია სამოდუროვას ცნობით, ზინოვკინა  დახურული ტიპის საპატიმროში გადაიყვანეს, რითაც მას სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება და პაემნების რაოდენობა შეეზღუდა.

“2025 წლის 12 სექტემბრიდან ანასტასია მოთავსებული იყო ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. 2026 წლის 15 იანვრის ბრძანების საფუძვლად მითითებულია საიდუმლო სხდომის ოქმი. შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია რა მიზეზით შეუცვალეს ანასტასია ზინოვკინას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპი. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპის შეცვლით, მას შეეზღუდა სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება და პაემნების რაოდენობა.ამ წლის 15 იანვრამდე ანასტასიას ჰქონდა განუსაზღვრელი რაოდენობით სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება, 15 იანვრის შემდეგ ანასტასია ისარგებლებს სატელეფონო ზარით თვეში 3-ჯერ. აქვე შეგახსენებთ, რომ ანასტასია ზინოვკინა მოთავსებულია სხვა პატიმრებისგან განცალკევებით, ანუ საკანში მარტოა და ყოველდღიურად ზარების განხორციელების შესაძლებლობით მას ადამიანებთან კომუნიკაცია შეეძლო, ამჯერად შეუზღუდეს ამდაგვარი სოციალიზაციაც”, – წერს ანასტასია ზინოვკინას ადვოკატი, დარია სამოდუროვა Facebook-ზე.