{{ARTICLEIMAGE}}ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ვარსკვლავი ენეს კანტერი აცხადებს, რომ ყოველდღე ასობით წერილს იღებს, სადაც მოკვლით ემუქრებიან და ეს ყველაფერი იმის შემდეგ დაიწყო, რაც მან უარი განაცხადა ლონდონში გუნდთან ერთად გამგზავრებაზე.
როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ კალათბურთელმა სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა, რადგან გუნდს ლონდონში ვერ დაეხმარებოდა იმ მიზეზით, რომ შესაძლოა მის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე დამუქრებოდა. იგი ყველაფერს თურქეთის პრეზიდენტს, რეჯიპ ტაი ერდოღანს აბრალებდა და აცხადებდა, რომ სწორედ ის იყო ამ მუქარის ინიციატორი. ამის შემდეგ კანტერმა თურქეთის პრეზიდენტი შეურაცჰმყოფელი სიტყვებით მოიხსენია და ამბობდა, რომ თავისი პოლიტიკური შეხედულების გამო ერდოღანი მას ნორმალურად ცხოვრების საშუალებას არ აძლევდა.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ენეს კანტერმა აქტიურად დაუჭირა მხარი თურქეთში ერდოღანის საპირისპიროდ შექმნილ ოპოზიციურ ძალებს. ამის შემდეგ კალათბურთელს დაეწყო სავიზო პრობლემები და 2018 წელს მას ოფიციალურად ჩამოართვეს თურქეთის მოქალაქეობა. თვითონ ვარსკვლავი აცხადებდა, რომ ერდოღანი დღევანდელობის ჰიტლერია და იგი ყველაფერს გააკეთებდა, რათა მისი მოწინააღმდეგეები გაენადგურებინა. ამის შემდეგ ენეს კანტერის მამამ სოციალურ ქსელში უცნაური პოსტი განათავსა, სადაც ბოდიშს უხდიდა თურქეთის მოსახლეობას და პრეზიდენტს რეჯიპ ტაი ერდოღანს მისი შვილის ქმედებების გამო და იგი უარს ამბობდა ენესის შვილად აღიარებაზე. ენეს კანტერმა თავის მხრივ განაცხადა, რომ იგი დარწმუნებული იყო, რომ ეს პოსტი მუქარის ქვეშ დააწერინეს მამამისს და რეალობასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. დღემდე მას საკუთარ ოჯახთან ურთიერთობა არ აქვს, რათა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ შეუქმნას.
ენეს კანტერი 2021 წლისთვის ამერიკის მოქალაქეობას მიიღებს და თავისუფლად შეეძლება ნებმისმიერ ადგილას გამგზავრება, თუმცა მისი თქმით, თავს უსაფრთხოდ მხოლოდ ამერიკაში გრძნობს.










