თბილისის ახალი ზოოპარკი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, დამთვალიერებლებს ზაფხულიდან მიიღებს

თბილისის ახალი ზოოპარკი დამთვალიერებლებს ზაფხულიდან მიიღებს. ამის შესახებ,  ზოოპარკის დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ  სავარაუდოდ, თბილისის ახალი ზოოპარკი, ვიზიტორების მიღებას ივლისის პირველი ნახევრიდან შეძლებს. ხოლო პირველი ბინადრები კავკასიის რეგიონში გავრცელებული ცხოველები – დათვები, მგლები, ირმები და ნიამორები არიან.

„პირველი ნაწილი გაიხსნება კავკასია, რაც კავკასიის ექსპოზიციას მოიცავს. მომავალ წელს ვგეგმავთ დაემატოს აფრიკა. ეტაპობრივად გაიხსნება ვოლიერები და დაემატება სხვადასხვა სახეობის ცხოველი. რაც შეეხება ჟირაფების ჩამოყვანას, ბევრ საკითხთან არის დაკავშირებული. ჯერ უნდა დავასრულოთ ვოლიერების მოწყობა და შემდეგ უნდა ჩამოვიყვანოთ, ვეცდებით მალე მოვიძიოთ ეს სახეობა“, – აღნიშნავს გურიელიძე.

თბილისის ზღვის ზოოპარკში დამთვალიერებლებს გაცილებით დიდი ვოლიერებით და განახლებული ექსპოზიციები დახვდებათ. ახალ ლოკაციაზე ჟირაფების ჩამოყვანაც იგეგმება.

„ზოოპარკის გახსნა ივლისის პირველ ნახევარში გვაქვს დაგეგმილი, თუმცა ამ ეტაპზე ზუსტი თარიღის დასახელება მიჭირს. პირველ ეტაპზე გაიხსნება ე.წ. კავკასიის ექსპოზიცია, რომელსაც ორმაგი დანიშნულება აქვს: ერთი მხრივ ვიზიტორებისთვის საგამოფენო სივრცეა, ხოლო მეორე მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი კონსერვატიული ფუნქცია, რაც გულისხმობს გადაშენების პირას მყოფი სახეობების დაცვასა და აღდგენას. სწორედ ეს არის ზოოპარკების ერთ-ერთი მთავარი როლი და ამ მიმართულებით თბილისის ახალი ზოოპარკი, ძველისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება.

მუნიციპალიტეტის მხრიდან მხარდაჭერა გვაქვს და მიმდინარე წლის ბიუჯეტი, საერთო ჯამში, საკმარისია. რა თქმა უნდა, მეტი დაფინანსება ყოველთვის უკეთეს შედეგს იძლევა, თუმცა არსებული რესურსი სრულად გვაძლევს საშუალებას, რომ ზოოპარკის პირველი ეტაპი გავხსნათ და პარალელურად უკვე დაწყებული პროექტები დავასრულოთ.

რაც შეეხება ახალ ზოოპარკში შესვლის საფასურს, მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ფასი განსაზღვრული არ არის.

“ტარიფებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ჩვენ დამოუკიდებლად არ ვიღებთ, ეს შეთანხმების საგანია, ამიტომ ამ ეტაპზე კონკრეტული ფასის დასახელება ვერ მოხერხდება. აქვე გეტყვით, რომ არსებული ზოოპარკი ფუნქციონირებას გააგრძელებს. იქ წარმოდგენილია სხვა სახეობები და სხვა ტიპის ექსპოზიციები, ამიტომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ორი ზოოპარკი ერთმანეთის შემავსებლად იმუშავებს“, – განაცხადა გურიელიძემ.