რუსეთი ქვეყნებსა და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლობებს კიევიდან დიპლომატების გაყვანისკენ მოუწოდებს

რუსეთი უცხო ქვეყნების და ორგანიზაციების წარმომადგენლობებს კიევიდან დიპლომატების ევაკუაციისკენ მოუწოდებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვა, Telegram-ზე გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა, რომ ქვეყნებმა სერიოზულად უნდა მიიღონ 4 მაისს გავრცელებული გაფრთხილება კიევზე შესაძლო მასშტაბური დარტყმების შესახებ, თუ უკრაინა 9 მაისის მოსკოვის აღლუმზე თავდასხმას განახორციელებს.

მისი თქმით, საჭიროა დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლების დროული ევაკუაცია, რადგან რუსეთის პასუხი „გარდაუვალი“ იქნება.

“რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად მოუწოდებს თქვენი ქვეყნის ხელისუფლებებს… მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ განცხადებას და უზრუნველყონ დიპლომატიური და სხვა წარმომადგენლობების პერსონალის დროული ევაკუაცია ქალაქ კიევიდან, რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან კიევზე საპასუხო დარტყმის გარდაუვალობის გამო” – განაცხადა ზახაროვამ.

ზახაროვამ ასევე აღნიშნა, რომ ეს გაფრთხილება აგრესიულ ნაბიჯს არ წარმოადგენს და კიევზე იერიშის შესაძლებლობა დამოკიდებულია იმაზე, დაესხმება თუ არა უკრაინა თავს მოსკოვში გამარჯვების დღის ღონისძიებებს.