ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები მეუფე შიოს პატრიარქად არჩევას ულოცავენ

“გულითადად გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას. დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო და ამავდროულად საპასუხისმგებლო მისია, რომ უხელმძღვანელოთ ჩვენს დედა ეკლესიას და იყოთ თითოეული მართლმადიდებელი ქართველის, ერის და ბერის სულიერი მამა” – ამის შესახებ ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების მიერ გავრცელებულ წერილშია ნათქვამი.

„თქვენო უწმინდესობავ, უდიდესი ისტორიული პასუხისმგებლობაა ემსახურო ეკლესიას და ქვეყანას იმ დროს, როდესაც საზოგადოებას განსაკუთრებით სჭირდება სულიერი სიმტკიცე, ერთიანობა და მშვიდობა. ეს პასუხისმგებლობა კიდევ უფრო დიდია იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ აგრძელებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის გზას, რომელმაც ნახევარი საუკუნის განმავლობაში, რთულ და ქარტეხილებით აღსავსე პერიოდში, ჩვენი ხალხი და ქვეყანა ღირსეულად ატარა. გვწამს, რომ თქვენი მოღვაწეობა სიმშვიდის, თანადგომისა და ეროვნული ერთიანობის საფუძვლად იქცევა და კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს ეკლესიის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას და ფასეულობებს, რომლებზეც ჩვენი ეროვნული იდენტობა დგას. გისურვებთ ჯანმრთელობას, ძალას და სულიერ სიმტკიცეს. ღმერთმა დალოცოს თქვენი უწმინდესობა და სრულიად საქართველო!“- ნათქვამია ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების განცხადებაში.

წმინდა სინოდმა საქართველოს 142-ე პატრიარქად ეპისკოპოსი შიო მუჯირი 22 ხმით აირჩია.
საეკლესიო კრებაზე დაფიქსირებული ხმები ასე გადანაწილდა:
მიტროპოლიტი შიო — 22 ხმა;
მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი — 9 ხმა;
ფაზისისა და ჭიათურის მიტროპოლიტი გრიგოლი — 7 ხმა;
გაუქმდა — 1 ბიულეტენი.
გაფართოებულ კრებას სამების საპატრიარქო ტაძარში 1 200-მდე დელეგატი ესწრებოდა, თუმცა ხმის უფლება მხოლოდ მღვდელმთავრებს ჰქონდათ.
არჩევნების შედეგად, ახალი პატრიარქი წმინდა ანდრია პირველწოდებულის სამოციქულო კათედრაზე შიო III-ის სახელით ავა.
მისი სრული ტიტულატურა შემდეგნაირად განისაზღვრა: მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
მეუფე შიო კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2017 წლის 23 ნოემბერს, ქაშვეთის ტაძარში, გიორგობაზე წირვის დაწყებამდე დაასახელა.
მოსაყდრედ სინოდმა მიტროპოლიტი შიო პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, 2026 წლის 18 მარტს, დაამტკიცა.
ხალი პატრიარქის ინტრონიზაცია [ტახტზე აყვანის წეს-განგება] ხვალ, 12 მაისს, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს სვეტიცხოველში გაიმართება
მსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.