არის ინფორმაცია, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს რომ მოხდეს საყოველთაო შერიგება – მღვდელმონაზონი იერონიმე ქათამაძე

“არის ინფორმაცია, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს რომ მოხდეს საყოველთაო შერიგება” – ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ქართული ეპარქიის მდივანმა, მღვდელმონაზონმა იერონიმე ქათამაძემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძართან ჟურნალისტებს აქციების ფარგლებში დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

„მე რამდენ მღვდელმთავართანაც მქონდა შეხვედრა და საუბრები, უმრავლესობა მომხრეა, რომ მოხდეს საყოველთაო შერიგება. არ მგონია, რაიმემ შეაფერხოს. არის ინფორმაცია, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს იმას, რომ მოხდეს საყოველთაო შერიგება. ამის მოლოდინიც არის და შესაბამისი ინფორმაციებიც ვრცელდება. ნებისმიერი საჭეთმპყრობელი, როდესაც ადგილობრივი ეკლესიის მეთაური ხდება, რაღაც ცვლილებებს იწყებს, ეს ცვლილებები არის დადებითი. მჯერა, დადებით ცვლილებებს შორის იქება საყოველთაო შერიგება, იმ პოლარიზებულ გარემოში, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, ახალი პატრიარქი შემრიგებელი იქნება ყველა მხარეს შორის. ჩემი აზრით, ყველას შესაძლოა არ ეხებოდეს, მაგრამ იქნება შემწყალებელი ყველას მიმართ“, – თქვა მღვდელმონაზონმა იერონიმე ქათამაძემ.