ხანძარი პარიზთან სახიფათოდ ახლოს-ფონტენბლოს ტყის ხანძრის ჩასაქრობად თვითმფრინავები გაგზავნეს

საფრანგეთის დედაქალაქის სამხრეთით ძლიერი ტყის ხანძარი მძვინვარებს, რომელიც ხელისუფლებამ „სახიფათოდ“ და „განსაკუთრებული მასშტაბის“ ხანძრად შეაფასა. ფონტენბლოს ტყეში ცეცხლის ჩასაქრობად სასწრაფოდ გაიგზავნა ორი სახანძრო თვითმფრინავი.

ბასტილიის აღების დღის — საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულისა და უქმე დღის — წინ ხანძარი ტრანსპორტის მოძრაობას სერიოზულად აფერხებს. ნაწილობრივ გადაიკეტა ქვეყნის მთავარი ავტომაგისტრალი, რომელიც საფრანგეთის ჩრდილოეთსა და სამხრეთს აკავშირებს. მანამდე ხანძრის გამო პარიზიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მიმავალი ავტომაგისტრალიც დაიკეტა.

შეფერხებულია საფრანგეთის სამხრეთისკენ მიმავალი ჩქაროსნული სარკინიგზო ხაზის მუშაობაც. საფრანგეთის რკინიგზის კომპანია SNCF-ის ცნობით, კვირას საღამოს პარიზის ლიონის სადგურზე მიმავალი ან იქიდან გამომავალი მატარებლები ექვს საათამდე აგვიანებდნენ.

ფონტენბლოს ტყე პარიზიდან დაახლოებით 60 კილომეტრში, სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს.

ორშაბათს, დილით ადრე, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ცეცხლი სწრაფად გავრცელდა 800 ჰექტარზე და ხანძრის ფართობი კვლავ იზრდება.

ამჟამად პარიზის რეგიონში ცხელი და მშრალი ამინდია. რეგიონი სიცხის მესამე ტალღას განიცდის.

საფრანგეთში სიცხის ბოლო ტალღის გამო სამი ატომური ელექტროსადგურის მუშაობა დროებით შეაჩერეს, რათა გადახურებულ წყალსატევებში თბილი გამაგრილებელი წყლის ჩაშვება აეცილებინათ. 40-გრადუსიანი სიცხის გამო ველორბოლა „ტურ დე ფრანსის“ ორგანიზატორებმა კვირის ეტაპი 30 კილომეტრით შეამცირეს.

ზაფხულში ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ტემპერატურის რეკორდები მოიხსნა, რამაც უკვე არაერთი მასშტაბური ტყის ხანძარი გამოიწვია. ხუთშაბათს ესპანეთის ალმერიაში ტყის ხანძარს სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა — ეს ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი ხანძარია.

დიდ ბრიტანეთში მეხანძრეები ინგლისსა და უელსში ხანძრებს ებრძოდნენ. კვირას ჩრდილოეთ უელსში მასშტაბური ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საფრანგეთის მეხანძრეთა ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლის, ერიკ ბროკარდის თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სახანძრო თვითმფრინავები ქვეყნის ჩვეულებრივ უფრო მშრალი და ცხელი სამხრეთიდან პარიზის რეგიონში ტყის ხანძრის ჩასაქრობად გაგზავნეს.

AFP-ის ინფორმაციით, ოპერაციაში ასევე ჩაერთო ორი სახანძრო ვერტმფრენი და ერთი სადაზვერვო თვითმფრინავი.

„მიზანია ადამიანების სიცოცხლისა და ქონების გადარჩენა“, — ციტირებს სააგენტო მის სიტყვებს.