მოსკოვში, დედა-შვილის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ წარმოშობით ქართველ თეიმურაზ გოგიაშვილს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიების ვერსიით, საზარელი ორმაგი მკვლელობა 1 ოქტომბრის საღამოს მოხდა. ბრალდებული გოგიაშვილი მოკლული 53 წლის ელენა წერეთელის საყვარელი იყო. დადგენილია, რომ ტრაგედიის დღეს მან ელენას 19 წლის ქალიშვილი, დარია წერეთელი ჩოგბურთის ვარჯიშის შემდეგ ავტომობილით წაიყვანა, საკუთარ ავტოფარეხში მიიყვანა და თავის არეში გასროლით მოკლა. ამის შემდეგ ბრალდებული მივიდა ელენა წერეთლის ბინაში, ისიც ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი დაანაწევრა.
„სიკვდილი დადგა მაშინვე… თავში მოვარტყი, რის შემდეგაც ხელში ავიყვანე, აბაზანაში გავიყვანე და იქ დავაწვინე“ – თქვა დაკავებულმა.

სამართალდამცავებმა დედის სხეულის ნაწილები 3 ოქტომბერს ბინის აივანზე იპოვეს, ხოლო მომდევნო დღეს გოგონას ცხედარი და იარაღის დიდი არსენალი ბრალდებულის ავტოფარეხში აღმოაჩინეს. დანაშაულის ჩადენის შემდეგ გოგიაშვილმა მოსკოვიდან მიმალვა სცადა, თუმცა ის ვორონეჟის ოლქში დააკავეს.
„მამაკაცის გადაადგილების მარშრუტი სრულადაა აღდგენილი. საგამოძიებო კომიტეტის გამომძიებლები აგრძელებენ საქმეზე მტკიცებულებების შეგროვებას და ნივთმტკიცებების აღწერას, მათ შორის ბრალდებულის ავტოფარეხში აღმოჩენილი იარაღის დიდი სამალავის საქმეზე. უახლოეს მომავალში დაინიშნება ყველა საჭირო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დანაშაულის ზუსტი გარემოებების დასადგენად“ – განაცხადეს საგამოძიებო კომიტეტში.
სამართალდამცავები ამ დრომდე მუშაობენ დანაშაულის ზუსტი მოტივის დადგენაზე და რამდენიმე ვერსიას განიხილავენ. რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გოგიაშვილსა და 19 წლის დარია წერეთელს შორის კონფლიქტი ძვირადღირებული „მერსედესის“ მარკის ავტომობილის შეძენას უკავშირდებოდა, რასაც ბრალდებული ფინანსური კრიზისის გამო ეწინააღმდეგებოდა — ირკვევა, რომ მას ერთ-ერთი საწარმოს მიმართ 42 მილიონ რუბლზე მეტი დავალიანება ჰქონდა.
გოგიაშვილი დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს და ამტკიცებს, რომ მკვლელობა ყოფითი კონფლიქტის ნიადაგზე ჩაიდინა. თუმცა, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მას ბრალი ანგარებით ცადენილი მკვლელობის მუხლით წაუყენა, ვინაიდან მკვლელობის შემდეგ მან მსხვერპლის ძვირფასი ნივთები მოიპარა.
სამართალდამცველებმა გამოკითხეს მოკლული ქალის ყოფილი მეუღლე – მოსკოველი რესტორატორი მამუკა წერეთელიც, რომელიც ცოლს წლების წინ დაშორდა, როგორც ირკვევა, ისინი საერთო ბიზნესს მართავდნენ, თუმცა მამუკა წერეთელი ამბობს, რომ ყოფილი ცოლის პირადი ცხოვრების შესახებ არაფერი იცოდა.
დაკავებული, მეტსახელად „გოგი“, წარმოშობით საქართველოდანაა. უკრაინის წინააღმდეგ, კერძოდ დონეცკის აეროპორტის შტურმში, ის ჯერ კიდევ 2014-2015 წლებში მონაწილეობდა.
სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ გოგიაშვილი ტრანსპორტით უზრუნველყოფდა ომის
გამშუქებელ რუს პროპაგანდისტებს. ცნობილია ისიც, რომ მისთვის რუსეთის მოქალაქეობის პასპორტის მიღების საქმეში ჩართული იყო რუსეთის სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ევგენი პოდუბნი. ბოლო წლებში კი ბრალდებული კრემლის კიდევ ერთ მედიაგიგანტში, სახელმწიფო მედიაჰოლდინგ „Россия сегодня“-ში კაპიტალური რემონტის განყოფილების უფროს სპეციალისტად მუშაობდა.
კუზმინსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით თეიმურაზ გოგიაშვილს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება. მას 20 წლამდე ან შესაძლოა სამუდამო პატიმრობაც ემუქრება.


