ევროკომისიამ დღეს ოფიციალურად გამოაქვეყნა გაფართოების ახალი, ყოვლისმომცველი სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც მომავალი გაფართოებული კავშირისთვის ორგანიზაციულ, ფინანსურ და ინსტიტუციურ ჩარჩოებს ადგენს.
ახალი პაკეტის ფარგლებში ბრიუსელმა კონკრეტული წინასწარი სამოქმედო გეგმები წარადგინა მონტენეგროს, ალბანეთის, მოლდოვასა და უკრაინისთვის, ხოლო საქართველო ამ სამოქმედო გეგმებსა და ოფიციალურ დოკუმენტში საერთოდ არ არის ნახსენები.
ბრიუსელის ახალი გეგმა მკვეთრად ცვლის აქამდე არსებულ მიდგომებს და აწესებს მკაცრ ფინანსურ და პოლიტიკურ დამცავ მექანიზმებს იმ შემთხვევებისთვის, თუ კანდიდატი ქვეყნები დემოკრატიულ რეფორმებსა და კანონის უზენაესობის პრინციპებს გადაუხვევენ.
ახალი დოკუმენტის მიხედვით, გაწევრიანების გზაზე კანონის უზენაესობა და ევროპული ღირებულებები უალტერნატივო წინაპირობად რჩება, თუმცა კონტროლის მექანიზმები მნიშვნელოვნად მკაცრდება.
ევროკომისიის გადაწყვეტილებით, თუ რომელიმე კანდიდატი ქვეყანა ინტეგრაციის პროცესში უკან გადადგამს ნაბიჯს, დაუშვებს დემოკრატიულ უკუსვლას ან დაარღვევს ადამიანის უფლებებს, გათვალისწინებულია საპასუხო სანქციები. ეს ზომები, გარდა გამოყოფილი ევროპული ფონდების მყისიერი გაყინვისა, ყველაზე მძიმე შემთხვევებში ევროკავშირის საბჭოში ხმის მიცემის უფლების შეჩერებასაც კი ითვალისწინებს.
ამავდროულად, ბრიუსელი კანდიდატ ქვეყნებს ეტაპობრივი ინტეგრაციის ახალ მექანიზმს სთავაზობს. ეს ნიშნავს, რომ სრულუფლებიან წევრობამდე, რეფორმების პროგრესის შესაბამისად, ქვეყნებს ეტაპობრივად გაეხსნებათ წვდომა ევროკავშირის ერთიან ბაზარზე, კონკრეტულ პროგრამებზე, ციფრულ, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ ქსელებზე. ფინანსური თვალსაზრისით, გაფართოების პროცესი სრულად იქნება ასახული ევროკავშირის მომავალ, გრძელვადიან ბიუჯეტში, თუმცა დაფინანსების მიღება პირდაპირ მიებმება რეფორმების ხარისხს.
მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება თავად ევროკავშირის მართვის სისტემაშიც, რათა დიდმა გაერთიანებამ ეფექტურობა შეინარჩუნოს. კომისია აცხადებს, რომ ახალი წევრების მიღება არსებული ხელშეკრულებების ფარგლებშიც სრულად შესაძლებელია, თუმცა აუცილებელია გადაწყვეტილების მიღების წესის შეცვლა. კერძოდ, სტრატეგიულ სფეროებში, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა და გადასახადები, სრული კონსენსუსის, ანუ ცალკეული ქვეყნების მიერ ვეტოს უფლების გამოყენების ნაცვლად, გადაწყვეტილებები კვალიფიციური უმრავლესობით უნდა იქნას მიღებული.
საქართველო ამ ახალ პაკეტსა და წინასწარ სამოქმედო გეგმებში არ ფიგურირებს. ევროპული ინსტიტუტების შეფასებით, ქვეყნის ინტეგრაციის პროცესი ამ ეტაპზე ფაქტობრივად შეჩერებულია დემოკრატიული უკუსვლისა და რეპრესიული კანონმდებლობის გამო.


