წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საბავშვო ბაღში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის მიმართ ძალადობას გულისხმობს.
ინფორმაცია ადგილობრივმა მედიასაშუალება TOK TV-მ გაავრცელა. გამოცემის ცნობით, პოლიციას ორი მშობელი დაუკავშირდა. ერთ-ერთი მშობლის განცხადებით, ბავშვების მონათხრობის საფუძველზე მათ პოლიციას მიმართეს. მშობლები ამბობენ, რომ ბაღში აღსაზრდელებს ფიზიკურად ეხებოდნენ, ძილის დროს სახეზე ბალიშებს აფარებდნენ, ასევე იყენებდნენ დასჯის მეთოდებს – ბავშვებს კუთხეში აყენებდნენ და თანატოლებთან თამაშის საშუალებას არ აძლევდნენ.მშობლების თქმით, მომხდარის შესახებ ბაღების გაერთიანებასაც აცნობეს, თუმცა საკითხზე სათანადო რეაგირება არ მომხდარა. ისინი ასევე ითხოვენ საბავშვო ბაღში სათვალთვალო კამერების დამონტაჟებას.
“საბავშვო ბაღში ბავშვზე ხელით შეხების ფაქტი მოხდა. ძილის დროს ბავშვებს თავზე ბალიშებს აფარებენ და ისე აძინებენ. გამოიყენება არასწორი დასჯის მეთოდები: ბავშვებს აყენებენ კუთხეში და უკრძალავენ სხვა ბავშვებთან თამაშს. ამ ყველაფრის შესახებ განვაცხადეთ ბაღების გაერთიანებულ სააგენტოშიც, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, რეაგირების მაგივრად, უკუშეტევაზე წამოვიდნენ”, – აცხადებს მშობელი TOK2REGIONS-თან საუბრისას.
წალკის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი მელსიდა მეხზიროვა ადასტურებს, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაცია აქვს, თუმცა დამატებით დეტალებზე არ საუბრობს.
სოფელ საყდრიონის საბავშვო ბაღის აღმზრდელ-მენეჯერი ჟუჟუნა ბერიძე ბრალდებებს უარყოფს და მათ ცილისწამებას უწოდებს. მისი თქმით, კამერების დამონტაჟება მომავალი წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული.


