Deutsche Bank-ის შიდა დოკუმენტების მასშტაბურმა გაჟონვამ გამოააშკარავა ბანკის საქმიანი კავშირები რუს მილიარდერებთან. სანქციებთან დაკავშირებული რისკების მიუხედავად, ბანკი წლების განმავლობაში აგრძელებდა შეძლებული რუსების მომსახურებას, ხოლო 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსი მილიარდერების მომსახურება დაცულ იურისდიქციებში — შვეიცარიასა და ლუქსემბურგში გადაიტანა. ამ ქვეყნებიდან კლიენტების შესახებ ინფორმაციას სანქციების დაწესების შემთხვევაშიც კი არ გასცემენ. გაჟონილი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ Deutsche Bank-ის აქციები 6%-ზე მეტით დაეცა. თავად ბანკი სანქციების გვერდის ავლის ბრალდებებს უარყოფს.
გერმანულ Deutsche Bank-ს სექსუალური დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ ჯეფრი ეპშტეინთან წლების განმავლობაში ჰქონდა საქმიანი ურთიერთობა, შემთხვევით გაასაჯაროვა დონალდ ტრამპის საგადასახადო დეკლარაცია და ცდილობდა რუსეთში ბიზნესის განვითარებას, მათ შორის ცნობილ ოლიგარქებთან თანამშრომლობით — 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე. ამის შესახებ იუწყება ბანკის შიდა დოკუმენტები, რომლებიც ჟურნალისტების ხელში აღმოჩნდა.
სწორედ Deutsche Bank-ის კავშირები ოლიგარქებთან და რუსულ ფულთან გახდა მთავარი მიზეზი, რის გამოც ორმა ანონიმურმა ინფორმატორმა საკრედიტო ორგანიზაციის 15 მილიონი შიდა დოკუმენტი ჟურნალისტებს გადასცა. მათ შორის იყო ელექტრონული წერილები, თანამშრომელთა მიმოწერა, დირექტორთა საბჭოს სხდომების ოქმები, შიდა გამოძიებების შედეგები და ფინანსური კონტროლის განყოფილებების დოკუმენტები. განცხადებაში ინფორმატორებმა თქვეს, რომ „საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“ მოქმედებდნენ და ბანკის საქმიანობის, მათ შორის „რუსი ოლიგარქების კუთვნილი ანგარიშების“, გამოაშკარავება სურდათ. ერთ-ერთმა მათგანმა დაამატა, რომ „ბანკს ხელმძღვანელობისა და კორპორაციული კულტურის სრული გარდაქმნა სჭირდება“.
გაჟონილი დოკუმენტების საფუძველზე ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც 2010-იანი წლების დასაწყისიდან დათარიღებულ მასალებს ეყრდნობა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 200-ზე მეტმა ჟურნალისტმა ჩაატარა. მათ შორის იყვნენ გერმანული Der Spiegel-ის, ბრიტანული Financial Times-ის, ფრანგული Le Monde-ისა და ამერიკული New York Times-ის ჟურნალისტები. რუსეთიდან გამოძიებაში მონაწილეობდნენ „ვაჟნიე ისტორიი“ („მნიშვნელოვანი ისტორიები“) გამოძიების შედეგების გამოქვეყნება სამშაბათს დილით დაიწყო.
FT-ის მიერ ციტირებული ერთ-ერთი მიმოწერიდან ჩანს, რომ ბანკში კარგად ესმოდათ, რამდენად ღრმა იყო საკუთარი პრობლემები. 2018 წელს, Deutsche Bank-ის გენერალურ დირექტორად დანიშვნიდან ორი კვირის შემდეგ, კრისტიან ცევინგმა კოლეგისგან ელექტრონული წერილი მიიღო, რომელშიც აფრთხილებდნენ, რომ „***“ — კოლაფსი — ახლოვდებოდა.
გამოძიებამ აჩვენა, რომ გერმანიის უდიდეს ბანკს საინვესტიციო განყოფილების 28 000 პრობლემური კლიენტის მომსახურება არ შეუწყვეტია და მარეგულირებლებს აღიარა, რომ ფაქტობრივად „კანონისა და წესრიგის ფარგლებს გარეთ მოქმედებდა“. ცევინგმა, რომელიც ბანკში მთელი კარიერის განმავლობაში მუშაობდა და სკანდალების სერიის შემდეგ წესრიგის დამყარების პირობა დადო, მომხდარი მოკლედ შეაფასა: „Katastrophe“ („კატასტროფა“).
56 წლის ცევინგი კვლავ ბანკის სათავეშია. მანამდე მას მკვეთრი რესტრუქტურიზაციისთვის აქებდნენ, რომელმაც Deutsche Bank-ს მოგება დაუბრუნა და მისი აქციების ფასი აღადგინა.

გაჟონილი დოკუმენტების საფუძველზე ჩატარებულმა ჟურნალისტურმა გამოძიებებმა ბანკის საქმიანობაში არაკეთილსინდისიერი პრაქტიკა გამოავლინა. სამშაბათს მისი აქციები 6%-ით დაეცა — ეს ყველაზე დიდი ვარდნა იყო 2025 წლის აპრილის შემდეგ.
ბანკის თანამშრომელთა მიმოწერიდან გაირკვა, რომ შესაბამისობის კონტროლის პრინციპს — „იცნობდე შენს კლიენტს“ (know your customer, KYC) — ბანკში ხუმრობით ასე შიფრავდნენ: kill your career, ანუ „დაასრულე შენი კარიერა“.
მედიის მიერ გაჟონილი დოკუმენტების შესწავლისას გამოვლენილ საკითხებს შორის იყო საეჭვო გადარიცხვები, რომლებიც გარდაცვლილ ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინს უკავშირდებოდა. ეპშტეინი სექსუალური დანაშაულებისთვის იყო მსჯავრდებული. FT-ის ცნობით, Deutsche Bank-მა ეპშტეინთან დაკავშირებული 582 მილიონი დოლარის გადარიცხვები გაატარა. თუმცა, საეჭვო გადარიცხვების არსებობა თავისთავად არ ამტკიცებს, რომ თითოეული ტრანზაქცია დანაშაულებრივი იყო.
გარდა ამისა, FT-ის ინფორმაციით, 2017 წლის მარტში, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს, გერმანული ბანკიდან შეცდომით გააჟონა მისმა საგადასახადო მონაცემებმა. ბანკმა ტრამპის საგადასახადო დოკუმენტი შეცდომით გაუგზავნა სხვა კლიენტის ბუღალტერს. ამ დროს, პრეზიდენტობის პირველ ვადაში, ტრამპი Deutsche Bank-ის კლიენტი იყო. ბანკმა ეს შეცდომა თეთრ სახლს დაუმალა.
ჟურნალისტურმა გამოძიებებმა აჩვენა, რომ ბანკი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე აგრძელებდა რუს ოლიგარქებთან და კომპანიებთან ბიზნესის განვითარებას, მიუხედავად იმისა, რომ მისივე თანამშრომლები სანქციებთან დაკავშირებულ, რეპუტაციულ და კორუფციის რისკებზე აფრთხილებდნენ.
FT წერს, რომ 2020 წელს Deutsche Bank რუსული განყოფილების საქმიანობის გაფართოებას გეგმავდა. 2015 წელს კი, „სარკისებური გარიგებების“ სკანდალის შემდეგ, რომელთა მეშვეობითაც რუსეთიდან სულ მცირე 10 მილიარდი დოლარი გაიტანეს, ბანკმა რუსეთში საქმიანობის შემცირება დაიწყო. ე.წ. „სარკისებური გარიგებები“ ერთი და იმავე აქციებით განხორციელებული წყვილი ოპერაციებია: ერთი კლიენტი Deutsche Bank-ის მოსკოვის ოფისის მეშვეობით რუბლებში ყიდულობდა რუსულ „ლურჯი ჩიპის“ აქციებს, ხოლო მასთან დაკავშირებული მეორე კლიენტი თითქმის მაშინვე ლონდონის ოფისის მეშვეობით იმავე ფასიანი ქაღალდების იმავე მოცულობას დოლარებში ყიდდა. არსებითად, ეს იყო რუბლების უცხოურ ვალუტაში კონვერტაციისა და რუსეთიდან გატანის გზა, რომელიც ჩვეულებრივ საფონდო გარიგებად ინიღბებოდა. აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მარეგულირებლებმა ჩათვალეს, რომ ამ ოპერაციებს ეკონომიკური აზრი არ ჰქონდა და შესაძლოა ფულის გათეთრებისთვის გამოეყენებინათ. 2017 წელს ბანკი 630 მილიონი დოლარის ჯარიმის გადახდას დათანხმდა.
ამის მიუხედავად, 2021 წელს ბანკის მმართველმა საბჭომ რუსეთში საქმიანობის ფრთხილად გაფართოებას ერთხმად დაუჭირა მხარი. იმავე წლის დეკემბერში Deutsche Bank-მა მოსკოვში, „ბელაია პლოშჩადის“ ბიზნესცენტრში, ახალი ოფისი გახსნა. შიდა დოკუმენტებში ბანკი კლიენტებს რისკის კატეგორიებად ყოფდა. „ყველაზე მგრძნობიარე“ კლიენტებს შორის იყვნენ „გაზპრომი“, „სიბური“ და კომპანიები, რომლებიც აშშ-ის სანქციების ქვეშ მყოფ მილიარდერებს, გენადი ტიმჩენკოსა და ოლეგ დერიპასკას, უკავშირდებოდნენ. ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლი ბანკის სპეციალისტები დერიპასკას მიერ კონტროლირებულ კომპანიებთან ურთიერთობის შეწყვეტას ურჩევდნენ, მაგრამ კომერციული განყოფილებების თანამშრომლები ამ ურთიერთობების შენარჩუნებას მოითხოვდნენ და მილიარდერს „პატივსაცემ ბიზნესმენსა“ და „სანდო პარტნიორს“ უწოდებდნენ.
FT-ის ცნობით, ბანკის ყველაზე მსხვილი და ყველაზე მომგებიანი რუსი კლიენტი „გაზპრომი“ იყო. წინა ათწლეულის განმავლობაში ის ბანკს საშუალოდ წელიწადში 10 მილიონ ევროზე მეტ შემოსავალს აძლევდა.
NYT-ის შეფასებით, Deutsche Bank წლების განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა რუსეთის ყველაზე გავლენიან ბიზნესმენებთან კავშირების გაწყვეტას, რადგან ამ ურთიერთობებიდან მიღებული შემოსავალი რისკებს აღემატებოდა. ამასთან, ჯერ კიდევ 2014 წელს ბანკის შიდა კომიტეტმა, რომელიც რეპუტაციულ რისკებს აფასებდა, დერიპასკა Deutsche Bank-ის იმ კლიენტთა სიის სათავეში მოაქცია, რომლებიც ბანკის იმიჯისთვის ყველაზე სახიფათოდ მიაჩნდა.

„ვაჟნიე ისტორიიმ“ გაარკვია, რომ 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ ბანკმა შეძლებული რუსი კლიენტების მომსახურება შვეიცარიასა და ლუქსემბურგში გადაიტანა — იურისდიქციებში, სადაც საბანკო საიდუმლოება კარგად არის დაცული. ეს ზღუდავდა კლიენტების შესახებ ინფორმაციის სხვა ქვეყნების ხელისუფლებისთვის გადაცემას, მათ შორის აშშ-ის იუსტიციის სამინისტროსთვის, რომელიც სანქციების დაწესების შემდეგ Deutsche Bank-ის რუს კლიენტებზე ინფორმაციას ითხოვდა. „ვაჟნიე ისტორიების“ ცნობით, ბანკის ასეთ კლიენტებს შორის იყვნენ მილიარდერები რომან აბრამოვიჩი, ანდრეი მელნიჩენკო, ალიშერ უსმანოვი და ალექსეი მორდაშოვი. ბანკის 2020 წლის შიდა დოკუმენტის თანახმად, 160 რუსი კლიენტიდან 17 აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს „კრემლის სიაში“ ფიგურირებდა — ეს იყო იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებიც შესაძლოა სანქციების სიაში მოხვედრილიყვნენ. ამ 17 კლიენტზე Deutsche Bank-ის რუსული კლიენტების პორტფელიდან მიღებული შემოსავლის 47% მოდიოდა. 2021 წლისთვის Deutsche Bank სულ მცირე 46 „ყველაზე მგრძნობიარე“ კლიენტს ემსახურებოდა, რომელთაც მომატებული რეპუტაციული და სანქციებთან დაკავშირებული რისკები ჰქონდათ. 2022 წლის დასაწყისში ბანკმა 59 რუსი კლიენტი ყველაზე მაღალი რისკის მქონედ მიიჩნია.
2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ ბანკის თანამშრომლებს აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების შეზღუდვების მოზღვავება დახვდათ. NYT-ს მოჰყავს შესაბამისობის კონტროლის განყოფილების თანამშრომლის შიდა მიმოწერა: ის კითხულობდა, უნდა ერჩიათ თუ არა ბანკის კლიენტებისთვის, რომლებიც „რუსი ოლიგარქების კლიენტთა დიდ ბაზაში“ შედიოდნენ, ფულის გატანა „მანამ, სანამ ამის შესაძლებლობა ჯერ კიდევ ჰქონდათ“.
ჯერ კიდევ 2022 წლის 10 მარტს გენერალურმა დირექტორმა კრისტიან ცევინგმა თანამშრომლებს უთხრა, რომ რუსეთიდან სრულად გასვლა ბანკის ღირებულებებს შეეწინააღმდეგებოდა, რადგან ზოგიერთ კლიენტს ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვება არ შეეძლო. თუმცა, უკვე მომდევნო დღეს ბანკმა განაცხადა, რომ რუსეთში საქმიანობას შეწყვეტდა — მას შემდეგ, რაც მსგავსი გადაწყვეტილებები JPMorgan Chase-მა და Goldman Sachs-მა გამოაცხადეს.
Deutsche Bank გაჟონილი დოკუმენტების ნამდვილობას არ უარყოფს, თუმცა განაცხადა, რომ მედიის პუბლიკაციები მრავალი წლის წინანდელ, ზოგ შემთხვევაში კი ოცი წლის წინანდელ მოვლენებს ეხება. „საჭიროების შემთხვევაში, ამ საკითხებს მაშინვე ვამოწმებდით და მარეგულირებლებთან მჭიდროდ ვთანამშრომლობდით“, — ნათქვამია ბანკის განცხადებაში. Deutsche Bank-მა ასევე აღნიშნა, რომ 2019–2025 წლებში კონტროლის სისტემებში 7 მილიარდი ევრო (7.70 მილიარდი დოლარი) ჩადო. რუს ოლიგარქებთან საქმიან კავშირებზე კომენტარისგან ბანკმა თავი შეიკავა და კლიენტების კონფიდენციალურობა მოიშველია.
„დღევანდელი Deutsche Bank სხვა ბანკია და კვლავაც თავისი სტრატეგიის განხორციელებაზეა ორიენტირებული. ამ სტრატეგიამ შედეგი გამოიღო, რასაც 2025 წლის რეკორდული მოგება და ბოლო კვარტლების შედეგებიც ადასტურებს“, — დაამატეს ბანკში.


