უკრაინამ 11 ნოემბერს ფინეთის ყურეში რუსულ სამხედრო ხომალდს “ნარო-ფომინსკს” დაარტყა. შესაბამის ინფორმაციას, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (SBU)ავრცელებს. ხომალდზე იერიშის ფაქტი ფინელმა მაღალჩინოსნებმაც დაადასტურეს.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, ოპერაცია წინასწარ იყო დაგეგმილი და რუსეთის ლენინგრადის ოლქში მდებარე უსტ-ლუგის პორტზე განხორციელებულ იერიშს უკავშირდებოდა. აღნიშნული პორტი რუსეთისთვის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვანძია. უკრაინის ცნობით, დარტყმის შედეგად პორტის ტერიტორიაზე რამდენიმე საწვავის საცავი დაზიანდა და ხანძარი გაჩნდა.
ფინეთის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს, რომ 11 ნოემბერს ფინეთის ყურეში რუსულ სამხედრო ხომალდზე დარტყმა დააფიქსირეს. ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა მარტინ ჰერემმა კი საზოგადოებრივ მაუწყებელ ERR-თან საუბრისას აღნიშნა, რომ აფეთქება ადგილობრივი დროით დაახლოებით 05:30 საათზე მოხდა. მისი ინფორმაციით, შემთხვევის შემდეგ გემიდან კვამლი შეინიშნებოდა, რის შემდეგაც ხომალდი სანქტ-პეტერბურგისკენ გაემართა.
ფინეთის ხელისუფლების განცხადებით, რეგიონში უსაფრთხოების ვითარება კონტროლს ექვემდებარება და ქვეყნისთვის უშუალო სამხედრო საფრთხე არ არსებობს. ამასთან, ინციდენტის ზუსტი გარემოებები, ხომალდისთვის მიყენებული ზარალის მასშტაბი და ეკიპაჟის შესაძლო დაშავების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე სრულად დადგენილი არ არის.


