“ვცადეთ რუსეთი დაგვეყოლიებინა, ჩვენსინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტაზე. პასუხად მივიღეთ რომ რუსეთის ლიდერი გარაზებულია და დარტყმების გაგრძელება სურს” – უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ EPC-ის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას აბუ-დაბიში აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის გამართულ მოლაპარაკებებზე ისაუბრა.
„როგორც ყველამ იცით, გუშინ ჩვენი წარმომადგენლები აბუ-დაბიში რუს და ამერიკელ წარმომადგენლებს შეხვდნენ. დღეს ამერიკელები მოსკოვში იმყოფებიან, საღამოს კი აქ, დუბლინში ჩამოვლენ. მათთან ბოლო დღეებში გამართული მოლაპარაკებების შედეგებს განვიხილავთ. ძალიან კარგია, რომ ევროპელები ახლა უკვე ამ მოლაპარაკებების ნაწილი არიან.
ჯერჯერობით არა უშუალოდ და არც იმ ფორმატში, სადაც რუსები მონაწილეობენ, თუმცა ევროპელები პროცესში უკვე ჩართულები არიან. უნდა უზრუნველვყოთ, რომ ევროპა ამ მოლაპარაკებების მუდმივი მონაწილე გახდეს.
რაც ჩვენი დელეგაციისგან მოვისმინე, მოლაპარაკებები სერიოზული იყო და არა ფორმალური. პირველ რიგში, მიღწეულია შეთანხმება სამხედრო ტყვეების გაცვლის შესახებ. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან გვინდა, ჩვენი ხალხი, ჩვენი მებრძოლები რუსული ტყვეობიდან დავიბრუნოთ.
მეორე საკითხი უსაფრთხოების გარანტიებს ეხებოდა. ამ მიმართულებით ევროპამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოს. როდესაც ამერიკელები და რუსები ამ საკითხზე საუბრობენ, საქმე მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს არ ეხება. სინამდვილეში, საუბარი უფრო მეტად ევროპასა და რუსეთს შორის უსაფრთხოების ახალი ჩარჩოს შექმნას ეხება.
სამწუხაროდ, გუშინ რუსებმა განაცხადეს, რომ მათ არ ჰქონდათ მანდატი, განეხილათ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ამ ომის საშინელებას შეამცირებდა. ეს მოხდა იმის მიუხედავად, რომ ჩვენმა მხარემ კიდევ ერთხელ სცადა, დაეყოლიებინა ისინი შავ ზღვაში დეესკალაციისკენ მიმართული ნაბიჯების გადადგმაზე და უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტაზე.
თუმცა, რაც ჩვენმა დელეგაციამ პასუხად მოისმინა, ის იყო, რომ რუსეთის ხელმძღვანელი გაბრაზებულია და დარტყმების გაგრძელება სურს“


