იტალიაში, ასობით სასწავლო დაწესებულებაში უსაფრთხოების საგანგებო ზომები ამოქმედდა. ბომბის არსებობის შესახებ ელექტრონული ფოსტით მიღებული შეტყობინებების საფუძველზე, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მოსწავლეებისა და სკოლის თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. მსგავსი მუქარის შემცველი წერილები მიიღეს დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაშიც.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
იტალიის განათლების მინისტრის, ჯუზეპე ვალდიტარას განცხადებით, საეჭვო შეტყობინებები, სულ მცირე, 300-მა სკოლამ მიიღო.
მუქარის შემცველი ელექტრონული წერილი სკოლების ადმინისტრაციებს გაეგზავნათ. შეტყობინების ავტორი საკუთარ თავს „მიხაილ ანდროპოვს“, ე.წ. „მიზოგინისტანის ვილაიეთის ლიდერს“ უწოდებს. წერილში სასწავლო დაწესებულებებში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ იყო ნათქვამი.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მუქარა იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯა მელონის მიმართაც იყო გამოთქმული.
ინციდენტის შემდეგ სკოლებმა უსაფრთხოების პროტოკოლები აამოქმედეს. მოსწავლეები შენობებიდან გაიყვანეს და უსაფრთხო ადგილებში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა კი საეჭვო შეტყობინებების საფუძველზე დაწესებულებების შემოწმება დაიწყეს.
იტალიის პოლიცია მომხდარის გარემოებებს იძიებს. თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ განაცხადა, რომ მსგავსი შეტყობინებების მიზანი შესაძლოა საზოგადოებაში შიშისა და არეულობის გამოწვევა იყოს.
აღსანიშნავია, რომ ფსევდონიმი „მიხაილ ანდროპოვი“ ბოლო დღეებში ევროპის სხვა ქვეყნებშიც გავრცელებული ბომბის შესახებ ცრუ შეტყობინებების ავტორად ფიგურირებდა. მსგავსი მუქარის წერილები, მათ შორის, ირლანდიასა და ბულგარეთში მედიასაშუალებებსაც გაეგზავნათ.


