აშშ-მ ინგლისში, RAF Mildenhall-ის ბაზაზე განთავსებული თვითმფრინავების ნაწილი სხვა ქვეყნებში გადაიყვანეს. გადაწყვეტილება ირანთან დაკავშირებული შესაძლო საფრთხის შესახებ მიღებული სადაზვერვო ინფორმაციის ფონზე მიიღეს. ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, გადაადგილება უსაფრთხოების პრევენციული ზომაა და არა უკვე განხორციელებულ თავდასხმაზე რეაგირება.
Associated Press-ის ინფორმაციით, ბრიტანეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ბაზიდან 13 ამერიკული თვითმფრინავი შოტლანდიაში, ესპანეთსა და გერმანიაში გადაიყვანეს. მათ შორის იყო საჰაერო საწვავის მომარაგების თვითმფრინავები და Osprey-ის ტიპის აპარატები. გავრცელებული ცნობებით, ბაზიდან გადაადგილებული ზოგიერთი თვითმფრინავი მუდმივად იყო განთავსებული, ნაწილი კი დროებით იმყოფებოდა იქ და შესაძლოა მოგვიანებით დაბრუნდეს.
სადაზვერვო ინფორმაციის დეტალები ამერიკულ მხარეს ამ დრომდე არ გაუმჟღავნებია. თუმცა, Wall Street Journal-ის ცნობით, საფრთხე ირანთან იყო დაკავშირებული. არსებული ინფორმაციით, უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა როგორც RAF Mildenhall-ზე, ისე ახლომდებარე RAF Lakenheath-ზე. ორივე ბაზაზე ამოქმედდა FPCON Charlie — აშშ-ის სამხედრო უსაფრთხოების მაღალი დონე, რომელიც გამოიყენება მაშინ, როდესაც დაზვერვის მონაცემები შესაძლო ტერორისტულ მოქმედებაზე მიუთითებს.
ბრიტანეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყნის სამხედრო ბაზები უსაფრთხოა და მათი დაცვა პრიორიტეტად რჩება. აშშ-ის ევროპულმა სარდლობამ კი თვითმფრინავების გადაადგილების კონკრეტულ მიზეზებზე კომენტარი არ გააკეთა და აღნიშნა, რომ ავიაციის გადაადგილება სხვადასხვა ოპერატიულ საჭიროებას უკავშირდება.
მიმდინარე მოვლენები უკავშირდება სექტემბერში RAF Fairford-ის ბაზასთან მომხდარ ინციდენტსაც. მაშინ ბრიტანეთში გამოძიება დაიწყო შესაძლო ირანულ კავშირებზე მას შემდეგ, რაც ბაზის სიახლოვეს საეჭვო ავტომობილები შენიშნეს. ინციდენტთან დაკავშირებით რამდენიმე პირი დააკავეს, მოგვიანებით კი აშშ-მა ბაზიდან B-1 ტიპის ბომბდამშენები გაიყვანა. ბრიტანეთის ოფიციალური პირების განცხადებით, გამოძიება ირანთან შესაძლო კავშირსაც განიხილავს, თუმცა თეირანი ამ ბრალდებებს უარყოფს.
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკულმა მხარემ საფრთხის ზუსტი ხასიათი არ გაასაჯაროვა, თვითმფრინავების გადაადგილება და ბაზებზე უსაფრთხოების გაძლიერება მიუთითებს, რომ ვაშინგტონი ირანთან დაკავშირებულ რისკებს სერიოზულად აფასებს. ამასთან, ოფიციალური განცხადებებით, ამ ეტაპზე ბრიტანეთის მოსახლეობისთვის უშუალო საფრთხე არ დასტურდება.


