დიდ ბრიტანეთში ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, სავარაუდოდ, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ეჭვით დააკავეს. ლონდონის პოლიციის კონტრტერორისტული დანაყოფის ცნობით, 41 წლის სამხედრო სამშაბათს, დასავლეთ ინგლისში, ქალაქ გლოსტერის მახლობლად დააკავეს.
„დიდ ბრიტანეთში აშშ-ის არმიის სამხედრო მოსამსახურე დააკავეს. დაკავება მოხდა გამოძიების ფარგლებში, რომელსაც კონტრტერორისტული პოლიცია (Counter Terrorism Policing) აშშ-ის ხელისუფლებასთან, ამერიკულ სამხედრო სტრუქტურებსა და გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) მჭიდრო თანამშრომლობით აწარმოებს“, — ნათქვამია ლონდონის პოლიციის განცხადებაში.
„მას ეჭვმიტანილად მიიჩნევენ 2023 წლის ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონის პირველი და მესამე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენაში. გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველები გლოსტერშირის საგრაფოში ორ მისამართზე ჩხრეკას ატარებენ. ბრალდებები რუსეთს უკავშირდება“, — დასძინეს პოლიციაში.
კანონის პირველი მუხლი ეხება „ჯაშუშობას, დივერსიასა და უცხო სახელმწიფოების ინტერესების სასარგებლოდ მოქმედ პირებს“.
ბიბისის ინფორმაციით, დაკავებული სამხედრო „იმჯინის“ სამხედრო ბაზაზე მსახურობდა. ეს ბრიტანეთის არმიის ობიექტია, რომელიც გლოსტერშირის საგრაფოში, ინსვორთის მახლობლად მდებარეობს. იქ განთავსებულია ნატოს სწრაფი რეაგირების გაერთიანებული კორპუსის (Allied Rapid Reaction Corps — ARRC) შტაბი.
კონტრტერორისტული პოლიციის უფროსი კოორდინატორის, ვიკი ევანსის განცხადებით, გამოძიება და დაკავება დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ხელისუფლებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია.
„საქმე სერიოზულ ბრალდებებს ეხება; გამოძიება გრძელდება. ეს ქმედებები აჩვენებს, რამდენად მტკიცეა პარტნიორული ურთიერთობები დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებსა და ეროვნული უსაფრთხოების სამსახურებს შორის“, — განაცხადა მან.
პოლიციაში დასძინეს, რომ დაკავებული ამჟამად ლონდონის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში იმყოფება. მისი ვინაობა არ სახელდება.
FBI-ის დირექტორმა კეშ პატელმა აღნიშნა, რომ „დაკავება ჯაშუშობის ბრალდებებს უკავშირდება“.
„რადგან გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მსურს მკაფიოდ განვაცხადო: FBI არ შეეგუება მათ, ვინც შეერთებული შტატების წინაშე დადებულ ფიცს არღვევს და თავისი ქმედებებით საფრთხეს უქმნის როგორც ჩვენს, ისე ჩვენი პარტნიორების ეროვნულ უსაფრთხოებას. ბოლო 21 თვის განმავლობაში FBI-მ კონტრდაზვერვასა და ჯაშუშობასთან დაკავშირებულ საქმეებზე 167 პირი დააკავა, რაც წინა პერიოდის მაჩვენებელს 53%-ით აღემატება“, — ნათქვამია განცხადებაში.
დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა აშშ-ის არმიის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა შონ სტინჩონმაც.
„ეს შემთხვევა ჩვენი პარტნიორობის სიმტკიცესა და კონტრდაზვერვის სამსახურების შემართებას აჩვენებს. მადლობას ვუხდი დიდ ბრიტანეთსა და FBI-ის ამ გამოძიების დროს გამოვლენილი პროფესიონალიზმისა და გუნდური მუშაობისთვის, — განაცხადა გენერალმა სტინჩონმა. — უფროსი ჯარისკაცის სავარაუდო ქმედებები, რომელსაც კონფიდენციალური ინფორმაცია ჰქონდა მინდობილი, მკაფიოდ გვახსენებს, რომ შიდა საფრთხეები კვლავ არსებობს და რეალურია“.


