Wizz Air-ის რეისი, რომელიც პრაღიდან რომში მიფრინავდა, ბომბის არსებობის შესახებ მიღებული შეტყობინების გამო, ვენეციაში დაეშვა – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტო ANSA-მ მანამდე გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს გაფრთხილება რომის ფიუმიჩინოს აეროპორტის საკონტროლო-დისპეტჩერულ პუნქტში განხორციელებული სატელეფონო ზარის მეშვეობით მიიღეს, თუმცა სააგენტოს წყარომ ეს ცნობა უარყო.
ევროპის საჰაერო სივრცეში უკვე მესამე დღეა ბომბების შესახებ ცრუ შეტყობინებების ტალღა გრძელდება, რამაც ევროპის მასშტაბით 20-ზე მეტი ავიარეისი შეაფერხა.
რამდენიმე ქვეყანაში გამანადგურებელი თვითმფრინავების ჰაერში აწევაც გახდა საჭირო.
თავდასხმების უკან შესაძლო რუსული კვალი და ჰიბრიდული ომის ელემენტები იკვეთება. ავიაციის უსაფრთხოების ექსპერტებისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ევროპის მასშტაბით სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული ეს კოორდინირებული ცრუ მუქარები იმ ქვეყნების დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად, რომლებიც უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ.


