ამაზონის ტროპიკული ტყეების ქვეშ, დიდი მდინარეებიდან მოშორებით, მეცნიერებმა ასობით უძველესი გეოგლიფი აღმოაჩინეს. ახალი კვლევის მიხედვით, ისინი შესაძლოა ეკუთვნოდეს ცივილიზაციას, რომლის მოსახლეობაც აყვავების პერიოდში დაახლოებით სამ მილიონ ადამიანს აღწევდა.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა. მეცნიერებმა ბრაზილიის ამაზონიის დაახლოებით 4 400 კვადრატული კილომეტრი LiDAR-ის ტექნოლოგიით შეისწავლეს. ეს მეთოდი ლაზერული იმპულსების საშუალებით ტყის ხშირი საფარის ქვეშ მდებარე რელიეფის დეტალურ რუკებს ქმნის.
კვლევის შედეგად 432 გეოგლიფი აღმოაჩინეს, რომელთა უმეტესობა აქამდე უცნობი იყო. ისინი ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 600 წლიდან ჩვენი წელთაღრიცხვით 850 წლამდე პერიოდში შეიქმნა.
მეცნიერების ვარაუდით, ამ ნაგებობების შემქმნელი აკირის ცივილიზაცია დაახლოებით 183 ათას კვადრატულ კილომეტრზე იყო გავრცელებული. მისი აყვავების პერიოდში, დაახლოებით I-III საუკუნეებში, რეგიონში შესაძლოა სამ მილიონამდე ადამიანი ცხოვრობდა.
აღმოჩენილ ნაგებობებს შორისაა უზარმაზარი თხრილები, რომელთა სიგანე 15 მეტრს, სიღრმე კი 5 მეტრს აღწევს. მკვლევრების თქმით, ასეთი მასშტაბის სამუშაო ორგანიზებულ საზოგადოებას, შრომის განაწილებას და მათემატიკისა და გეომეტრიის ცოდნას მოითხოვდა.
ადრე მიიჩნეოდა, რომ გეოგლიფები თავდაცვით ნაგებობებს წარმოადგენდა. თუმცა მეცნიერები ახლა ფიქრობენ, რომ მათ უფრო მეტად ცერემონიული და პოლიტიკური დანიშნულება ჰქონდა და საზოგადოებრივი შეკრების ადგილებად გამოიყენებოდა.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ გეოგლიფები ერთმანეთთან გზების ქსელით იყო დაკავშირებული. მეცნიერებმა დაახლოებით 350 კილომეტრი ასეთი გზა დააფიქსირეს.
გეოგლიფების მშენებლობა დაახლოებით 850 წელს შეწყდა. მიზეზი უცნობია, თუმცა მკვლევრები არ გამორიცხავენ, რომ ამას ბუნებრივი ან კლიმატური კრიზისი უკავშირდებოდა.
აღმოჩენა კიდევ ერთხელ აყენებს ეჭვქვეშ მოსაზრებას, თითქოს კოლონიზაციამდე ამაზონია თითქმის დაუსახლებელი „ველური ბუნება“ იყო. ბოლო კვლევები მიუთითებს, რომ ევროპელების ჩასვლამდე რეგიონში მილიონობით ადამიანი ცხოვრობდა, მიწათმოქმედებას მისდევდა, გზებს აშენებდა და ტყის ლანდშაფტს აქტიურად ცვლიდა.
მეცნიერების თქმით,ამ აღმოჩენამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეცვალოს წარმოდგენა იმაზე, თუ რამდენად მჭიდროდ იყო დასახლებული ამაზონია უძველეს პერიოდში.


