აშშ-ში, ტენესიში სიკვდილით დასჯას გადარჩენილმა 50 წლის კრისტა პაიკმა მისი ადვოკატების მეშვეობით პირველი საჯარო განცხადება გაავრცელა. განცხადება 30 ოქტომბერს, წარუმატებელი პროცედურიდან ერთი თვის შემდეგ გამოქვეყნდა. პაიკი აცხადებს, რომ იმ ღამის შემდეგ მუდმივ ტკივილს განიცდის და ხელისუფლების “უუნარობით” ღრმად არის დაზარალებული.
„30 სექტემბერს სიკვდილით დასჯის ოთახში შევედი, მზად ვიყავი სიკვდილისთვის. ყველას დავემშვიდობე. რამდენიმე დღის შემდეგ საავადმყოფოში მარტო, დაბნეულმა და ტკივილებში გავიღვიძე.იმ ღამის შემდეგ არც ერთი წუთი არ ყოფილა, ტკივილი რომ არ მქონოდა. მტკივა სხეული, ხელები, თითები, ყელი. დღემდე მიჭირს ლაპარაკი. დამაზარალა იმ არაკომპეტენტურობამ, რომელმაც ამდენი ადამიანი ამ საშინელ მდგომარეობაში ჩააყენა“, – ნათქვამია განცხადებაში.
პაიკმა კონკრეტული უწყება ან პირი არ დაასახელა.
პაიკს 1996 წელს ნასამართლევი იყო 1995 წელს 19 წლის კოლინ სლემერის წამებისა და მკვლელობისთვის. დანაშაულის ჩადენისას ის 18 წლის იყო. 30 სექტემბერს მას პენტობარბიტალის ორი დოზა შეუყვანეს, თუმცა ის გადარჩა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოგვიანებით ის ციხეში დააბრუნეს, სადაც ამჟამად მკურნალობს.
ტენესის სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ პროცედურა „სახელმწიფოს კანონიერი და დადგენილი პროტოკოლით“ ჩატარდა. პაიკის ადვოკატების მტკიცებით, პრეპარატი სისხლძარღვში კი არა, ქსოვილში მოხვდა.
გუბერნატორმა ბილ ლიმ წელს დარჩენილი სიკვდილით დასჯები შეაჩერა და დამოუკიდებელი შემოწმება დანიშნა. ტენესიში ეს წლის მეორე წარუმატებელი სიკვდილით დასჯა იყო: მაისში მოქალაქე ტონი კარუთერსის სიკვდილით დასჯა შეწყდა რადგან პრეპარატის ვენაში შეყვანა ვერ მოხერხდა.
პაიკის სასიკვდილო განაჩენი ძალაშია. ახალი თარიღი არ დანიშნულა. პაიკის იურისტები გუბერნატორს სასჯელის სამუდამო პატიმრობით შეცვლას სთხოვენ.


