ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა აცხადებს, რომ თეთრი სახლი ვლადიმერ პუტინს ემორჩილება, უკრაინელებს კი ღალატობს. ამის შესახებ, ობამამ, „დემოკრატი“ სენატორის ჯონ ოსოფის მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და ქვეყნის ახლანდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკა გააკრიტიკა.
„მაშინ, როდესაც ჩვენ ისეთ ძირითად მოკავშირეებს ვშორდებით, როგორიც კანადაა, თეთრი სახლი ვლადიმერ პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავიანთი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან“, – განაცხადა ობამამ.
ჯორჯიის შტატში გამართულ წინასაარჩევნო მიტინგზე ბარაკ ობამამ დონალდ ტრამპი თეთრი სახლის ცვლილებების, ირანის წინააღმდეგ ომისა და ფასების ზრდის გამო გააკრიტიკა. ყოფილმა პრეზიდენტმა ეჭვქვეშ დააყენა ტრამპის პრიორიტეტები.
„ამას არ ვიგონებ — შეერთებული შტატების პრეზიდენტი დროს ხარჯავს იმაზე, რომ ოვალური კაბინეტის ბუხრის თავზე ოქროს მედალიონები წებოთი მიამაგროს“, — უთხრა ობამამ შეკრებილ საზოგადოებას. „ის ფაქტობრივად ხელნაკეთობებით არის დაკავებული, მაშინ როცა ჩვენ ომს ვაწარმოებთ და ფასების უკონტროლო ზრდასთან გამკლავებას ვცდილობთ“.
„ფასების ზრდაზე პირდაპირ პასუხისმგებელია თავად ადმინისტრაციის ქმედებები“, — განაცხადა ობამამ. „ამჟამინდელმა პრეზიდენტმა რამდენიმე არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო არასაჭირო ომის დაწყება — ომისა, რომელიც არავის მოუთხოვია და რომლისთვისაც ხმა არავის მიუცია“.


