ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსი და საქართველოს საკითხებზე მუდმივი მომხსენებელი რასა იუკნევიჩიენე საქართველოს შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ევროპარლამენტარების განცხადებით, ევროკავშირს საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგისთვის კარი არასოდეს დაუხურავს და ურთიერთობების გაუარესება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გადაწყვეტილებებმა გამოიწვია.
მათი შეფასებით, ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მცდელობა საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმის დემონტაჟს და ერთპარტიული სისტემისკენ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს, რაც ქვეყანას ევროკავშირს კიდევ უფრო დააშორებს.
ევროპარლამენტარები ხელისუფლებასთან ურთიერთობების აღდგენის პირობებად ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას, შემზღუდველი კანონების გაუქმებას, ოპოზიციის, ჟურნალისტებისა და აქტივისტების დევნის შეწყვეტასა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის პირობების შექმნას ასახელებენ.
ამასთან, ისინი ევროკავშირის საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ.
„თუ ბატონი კობახიძე სერიოზულად არის განწყობილი ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის განახლების მიმართ, მან იცის, საიდან უნდა დაიწყოს“, — ნათქვამია განცხადებაში.
“ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ხელისუფლებასთან ოფიციალური კონტაქტების შეზღუდვის შესახებ სწორედ ამ არჩევანის შედეგი იყო და არა მისი მიზეზი. ჩვენი კარი ყოველთვის ღია იყო ქართველი ხალხის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და დემოკრატიული ოპოზიციისთვის. ხელისუფლებისთვის ეს კარი ხელახლა იმ დღეს გაიღება, როდესაც მისი ქმედებები და არა სიტყვები დაადასტურებს დემოკრატიის, თავისუფლებისა და ევროპული კურსისკენ დაბრუნებას.
ამ წინადადების წამოყენების დრო თავისთავად მეტყველებს. ეს ხდება მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს ქართული ოცნების მოთხოვნის განხილვას ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ, მათ შორის იმ უკანასკნელი ოპოზიციური პარტიისა, რომელსაც პარლამენტში წარმომადგენლობა ჯერ კიდევ აქვს.
ხელისუფლება, რომელიც პოლიტიკური ოპონენტების კანონგარეშე გამოცხადებას ცდილობს, ამავდროულად ვერ წარმოაჩენს თავს დიალოგისთვის სანდო პარტნიორად. ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის ეს შეთავაზება სხვაგვარად ვერ აღიქმება, თუ არა საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმის დემონტაჟის მცდელობის საფარველად.
როგორც ევროპარლამენტმა 2026 წლის 8 ოქტომბრის რეზოლუციაში განაცხადა, ჩვენ მკაცრად ვგმობთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებს და მოვუწოდებთ საკონსტიტუციო სარჩელის დაუყოვნებლივ გამოთხოვისკენ.
დამკვიდრებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ერთპარტიული სისტემისკენ გადადგმული გადამწყვეტი უკუსვლა იქნება, რუსეთისა და ბელარუსის მაგალითების მსგავსად. ეს საქართველოს ევროკავშირს კიდევ უფრო დააშორებს და გაწევრიანებისკენ ნებისმიერ წინსვლას გამორიცხავს. დღემდე არაფერი შეცვლილა.
ევროპარლამენტის პოზიცია საქართველოსთან ურთიერთობების შესახებ მკაფიო და თანმიმდევრულია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და მის აბსოლუტურ მხარდაჭერას ევროპული მომავლის მიმართ, რაც საქართველოს კონსტიტუციაშიც არის განმტკიცებული. ჩვენ არ ვაღიარებთ ხელისუფლებას, რომელიც 2024 წლის ოქტომბრის ხარვეზებით ჩატარებული არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდა.
ურთიერთობების რეალური აღდგენა ხელისუფლების მხრიდან უპირობო ნაბიჯების გადადგმას უნდა ეფუძნებოდეს, ესაა:
ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება;
სამოქალაქო საზოგადოებისთვის, დამოუკიდებელი მედიისა და პოლიტიკური საქმიანობისთვის შემზღუდველი კანონების გაუქმება, მათ შორის იმ შეზღუდვების გაუქმება, რომლებმაც ევროპული პოლიტიკური ფონდები აიძულა, ქვეყანა დაეტოვებინათ;
ოპოზიციის, ჟურნალისტებისა და აქტივისტების დევნის შეწყვეტა;
ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების გზის უზრუნველყოფა.
მანამდე კი მოვუწოდებთ ევროკავშირის საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, საბოლოოდ დააწესონ ხელშესახები ზომები, მათ შორის მიზნობრივი სანქციები ევროკავშირის ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეჟიმის (ე.წ. ევროკავშირის მაგნიტსკის აქტის) ან სხვა სანქციების რეჟიმის ფარგლებში, იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევებსა და საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე.
თუ ბატონი კობახიძე სერიოზულად არის განწყობილი ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის განახლების მიმართ, მან იცის, საიდან უნდა დაიწყოს”, ნათქვამია განცხადებაში.


