პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის გადადებას ითხოვდა, თუმცა ეს შუამდგომლობაც, ოპოზიციის სხვა ყველა შუამდგომლობის მსგავსად, საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
არ არის დაცული შესაგებლის მომზადებისთვის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადა, რაც არღვევს სამართლიანობის წესს – განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა ბერდია სიჭინავამ სხდომაზე, სადაც მესამე დღეა, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელს განიხილავენ
„საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეებს სასამართლო უწყება უნდა ჩაბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისთვის გონივრული ვადა. თქვენ, ბატონო პლენუმის წევრებო, როდესაც საქმე არსებითად განსახილველად მიიღეთ, არ დაგიდგენიათ რეგლამენტისგან განსხვავებული ვადა. შეგეძლოთ შეგემცირებინათ და გეთქვათ, რომ 10 დღის ვადაში წარმომადგინოს მოპასუხე მხარის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა შესაგებელი მოცემულ საქმესთან დაკავშირებით. ეს ნიშნავს იმას, რომ მოპასუხე მხარეს უფლება აქვს ერთი თვის ვადით მოითხოვოს ამ საქმის გადადება, რომ თავისი პირველადი შესაგებელი წარმოადგინოს და შემდეგ ეს ჩაითვლება გონივრულ ვადად იმისთვის, რომ მოემზადოს სხდომისთვის. ფაქტობრივად, 13 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრამდე 7 დღეა სულ და თქვენ დაიწყეთ საქმის ზეპირი განხილვა, რაც, მე ვფიქრობ, რომ პროცედურული სამართლიანობის დარღვევაა ჩვენთან მიმართებით, იმიტომ, რომ მოპასუხე მხარეს, რომელიც ბოლოს დამატებულია ამ სარჩელში, არ მიეცა გონივრული შესაძლებლობა ამ საქმის მომზადებისთვის. ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი უფლებები იქნება დარღვეული და გთხოვთ პლენუმის წევრებს, გადადოთ სხდომის განხილვა მინიმუმ იმ ვადით, რომ ჩვენ, რეგლამენტით რაც არის გათვალისწინებული, მოგვცეს შესაძლებლობა წარმოვადგინოთ შესაგებელი და შემდეგ უკვე ახსნა- განმარტების ეტაპზე გავაგრძელოთ საქმის განხილვა“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი შუამდგომლობას არ დაეთანხმება. არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ არც რეგლამენტში, არც ორგანულ კანონში და არც კონსტიტუციაში არ წერია, რომ შესაგებლის წარუდგენლობა აფერხებს საკონსტიტუციო სარჩელის ან წარდგინების განხილვას.
„ჯერ ერთი, ფაქტობრივი უზუსტობაა – არსად წერია, არც რეგლამენტში, არც ორგანულ კანონში და არც კონსტიტუციაში, რომ შესაგებლის წარუდგენლობა აფერხებს საკონსტიტუციო სარჩელის ან წარდგინების განხილვას. მეტიც, რეგლამენტის მე-15 მუხლის მესამე პუნქტში ცალსახად მითითებულია, რომ მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა არ აფერხებს სარჩელის განხილვას. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას, მოგეხსენებათ, რომ ხშირ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი გახლავთ ხოლმე მოპასუხე სხვადასხვა სარჩელის ნაწილში და როგორც წესი, საქართველოს პარლამენტის მხრიდან წერილობითი შესაგებლის წარმოდგენა არ ხდება და სრულად ხდება პროცესის მიმდინარეობისას საქმის არსებითი განხილვა და შესაბამისი პოზიციების დაფიქსირება. არსად წერია, რომ გინდა თუ არა შესაგებელს უნდა დაველოდოთ და სხვა შემთხვევაში განხილვა არ შეიძლება“, – განაცხადა გორდულაძემ.
ამის შემდეგ გახარიას პარტიის წარმომადგენელმა კვლავ განმარტა შუამდგომლობის კანონიერი საფუძვლები, რაზეც მოსამართლის შეთავაზებაზე – ხომ არ უპასუხებდა მოსარჩელე მოპასუხის არგუმენტებს, გორდულაძემ უარი თქვა.
საბოლოოდ, მოსამართლეები შუამდგომლობის განსახილველად შესვენებაზე გავიდნენ, რის შემდეგაც მიიღეს განჩინება, რომლის თანახმადაც, შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.


