საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ ქართული ოცნების სარჩელის განხილვა გრძელდება.
დღევანდელი სხდომა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის ნიკა გვარამიას გამოსვლით დაიწყო, რომელმაც მტკიცებულებების გამოთხოვის და მოწმეთა გამოკითხვის შუამდგომლობები დააყენა ყველა იმ ბრალდებასთან დაკავშირებით, რომელიც ქართული ოცნების სარჩელშია ფორმულირებული. მაგალითად, არჩევნების საბოტაჟის საკითხზე, ასევე ბრალდებაზე, რომ იმდროინდელმა ხელისუფლებამ 2008 წლის ომის დასაწყებად ნიადაგი მომაზადა. როგორც გვარამიამ განაცხადა, მის მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობაში მოთხოვნილი დოკუმენტაცია საკუთარი პოზიციის განსამტკიცებლად სჭირდება.
„მოწმეები და მტკიცებულებები რამის დამადასტურებელი კი არ არის მხოლოდ, სამხილიც არის. მე მათი პოზიციების ნეიტრალიზაცია მინდა, მტკიცებულებები მჭირდება ჩემთვის მათ წინააღმდეგ. მათ რომ რაიმე დაადასტურონ თავისთვის ან ვერ დაადასტურონ რა ჩემი საქმეა. მაინტერესებს, რომ პოზიციები ჩამოვიყალიბო მათთან დაკავშირებით. იმასთან დაკავშირებით, რასაც თხზავდნენ თვეების განმავლობაში და ამის გამო ხალხი ციხეში მოხვდა, ახლა პარტიებს აუქმებენ და რაც მთავარია, საქართველოს სახელმწიფო პოზიციებისთვის კატასტროფულ ტექსტებს წერენ, ყველა ხელმომწერია მანდ“,- განაცხადა გვარამიამ.
„ქართული ოცნება“ გვარამიას შუამდგომლობას არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ მოპასუხე მხარე პროცესის გაჭიანურებას ცდილობს, როდესაც ახლიდან ითხოვს იმის გამოკვლევას, რაც პარლამენტის საგამოძიებო კომისიის – ე.წ. წულუკიანის კომისიის დასკვნაშია ასახული.
„აქ შოუ არ არის, ჩვენ ახლა ვიმყოფებით საკონსტიტუციო სასამართლოში, მიმდინარეობს პლენუმის სხდომა. შესაბამისად, მცდელობაა იმისა რომ პირველი, გაიწელოს და გაჭიანურდეს სასამართლო პროცესი. მეორე, მოხდეს სასამართლოს დისკრედიტაცია. გუშინ ნიკა გვარამია უწოდებდა კომისიის დასკვნას მხოლოდ და მხოლოდ თხზულებას, რომელიც შედგება ათეული ათასი ადამიანის წამების, ქონების ჩამორთმევისა და ხოცვის ამბებით. ამას თხზულებას რომ უწოდებდა ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერანაირად ვერ დავეთანხმებით, რომ რომელიმე დოკუმენტის ან პირების გამოკითხვა მოხდეს ამ პროცესზე. მითუმეტეს, ეს არის ჩვენი მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისი სარჩელი და თუ სასამართლო გადაწყვეტს, რომ არასაკმარისია ჩვენ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები და მტკიცებულებები, თავად იმსჯელებს და რა თქმა უნდა, არ დაეყრდნობა და გაიზიარებს ჩვენ პოზიციას“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
გვარამიას შუამდგომლობას სხვა მოპასუხე პარტიებიც დაეთანხმნენ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთს, 2008 წლის ომთან დაკავშირებული ბრალდებები ვერ მიემართება, რადგან იმ პერიოდში საერთოდ არ არსებობდნენ. ოპოზიციური პარტიები ისევ ცდილობენ გაარკვიონ, კონკრეტულად, რომელი სუბიექტის მიმართ რა პრეტენზიები აქვს მოსარჩელეს, რადგან სარჩელი კოლექტიურია და „ლელოსთვის“ ან გახარიას პარტიისთვის, რომლებიც 2012 წლის შემდეგ შეიქმნა, გაუგებარია, რატომ უნდა უწევდეთ პასუხისგება, მაგალითად, ბრალდებაზე, რომ 2008 წელს იმდროინდელმა ხელისუფლებამ ნიადაგი შექმნა ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ძალის შესაჭრელად – როგორც ეს სარჩელშია ფორმულირებული.
„ჩემმა კოლეგამ დააფიქსირა პოზიცია კონკრეტულად სარჩელის ბუნდოვანებასთან დაკავშირებით, რა შეიძლება ჩვენ მოგვემართებოდეს. ეს არჩილ გორდულაძემ დატოვა ისევ ღიად და თქვა, რომ შემდეგ ეტაპზე ავხსნით ვის რა მიემართებაო, დაახლოებით ასეთი ხაზი გაატარა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ სარჩელის მიზანი არის ოპოზიციის გაქრობა ამ ქვეყნიდან, პარტიების აკრძალვა, მაგრამ ამავდროულად, მასში ჩადებულია სერიოზული ნაღმები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის, საგარეო კურსისათვის. ეს გულისხმობს მთელ იმ დრამატურგიას, რომელიც ამ ხელოვნურ სარჩელში არის ჩადებული დაწყებული 2008 წლის ომით და შემდეგ გაგრძელებული იმით, რომ თურმე პოლიტიკურმა პარტიებმა ახლა და მომავალში ვერ გაითვალისწინეს ის მწარე გამოცდილება, რაც იყო 2008 წელს და მაინც აგრძელებენ რაღაც საქმიანობასო. ეს მიემართება ყველა იმ პარტიას, რომელიც აქ არის წარმოდგენილი და მომავალში ვინც კი ოდესმე გაბედავს რამე ისეთი თქვას, რაც ეწინააღმდეგება “ქართული ოცნების” საგარეო კურსს და ეს ჩაითვლება აგრესიის პროვოკაციად, ამ საკითხთან არის ძალიან დიდ შემხებლობაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წარმოდგენილი დასაბუთება კონკრეტულად ამ შუამდგომლობაზე სამართლებრივი თვალსაზრისით იყო დასაბუთებული და ლოგიკური. მაგრამ “ქართული ოცნების” დეპუტატების ასეთი მიდგომა, რომ ამას მერე გეტყვით, მთელ პროცესს ძალიან დიდ ზიანს მიაყენებს“,- განაცხადა „ლელოს“ წარმომადგენელმა გიორგი სიორიძემ.
საბოლოოდ, გვარამიას შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც შუამდგომლობა დააყენა „ლელომ“, რომელიც ასევე არ დაკმაყოფილდა. კერძოდ, იმის დასადგენად, თუ როგორ უნდა აიკრძალოს 5 პარტია ერთი სარჩელით, „ლელოს“ წარმომადგენელმა მოითხოვა საკონსტიტუციო სასამართლომ მიმართოს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს საკონსულტაციო დასკვნის მოთხოვნით, რომ გადაწყვეტილების გამოტანამდე განმარტებული იყოს ევროპული კონვენციით დაცული პრინციპები და კრიტერიუმები, კონვენციით გათვალისწინებულ რომელ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს ერთბლივი სამართალწარმოება. „ლელომ“ პარტიების საქმეების გამიჯვნა კვლავ მოითხოვა, რასაც სხვა ოპოზიციური პარტიებიც დაეთანხმნენ.
საკონსტიტუციო სასამართლოში მეორე დღეა მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა 5 ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით.
ამ სარჩელით „ქართული ოცნება“ ხუთი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. ესენია – „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“; „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“.
სარჩელის ინიციატორთა განცხადებით, ეს პოლიტიკური გაერთიანებები 2016 წლიდან უწყვეტ რეჟიმში უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების და მმართველი პოლიტიკური პარტიის როგორც საშინაო პოლიტიკურ, ისე საგარეო პოლიტიკურ ლეგიტიმაციას, რითაც აღიარებენ, რომ მათსა და მმართველ პარტიას შორის ერთ-ერთი მხარე უსათუოდ არაკონსტიტუციურად უნდა შეირაცხოს.
სარჩელში ასევე ნათქვამია, რომ ამ პოლიტიკური პარტიების საქმიანობის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა, საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, რის გამოც ეს პარტიები არაკონსტიტუციურად უნდა იყოს ცნობილი და პოლიტიკური საქმიანობა აეკრძალოს.


