ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსი და ევროპარლამენტის მომხსენებელი საქართველოს საკითხებში რასა იუკნევიჩიენე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
მასში ნათქვამია, რომ ევროკავშირისთვის ირაკლი კობახიძის შეთავაზება – ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ღია და საჯარო პოლიტიკური დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, მხოლოდ სიტყვებია და კარი ხელისუფლებისთვის მხოლოდ მაშინ გაიღება, როცა მათი ქმედებები გახდება დემოკრატიული გახდება.
„ყურადღება მივაქციეთ ბატონი კობახიძის მოწოდებას ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის შესახებ. დიალოგი ევროპას არასდროს შეუწყვეტია; ის შინაარსისგან „ქართულმა ოცნებამ“ დააცარიელა. 2024 წლის ნოემბერში მმართველმა პარტიამ ცალმხრივად შეაჩერა საქართველოს გაწევრიანების პროცესი, საკუთარი კონსტიტუციისა და ხალხის ნების წინააღმდეგ. მან ევროკავშირის ინსტიტუტების თითოეულ რეკომენდაციას ახალი რეპრესიული კანონებით, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობითა და ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების პატიმრობით უპასუხა. ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ხელისუფლებისთან ფორმალური კონტაქტების შეზღუდვის შესახებ იყო ამ არჩევანის შედეგი და არა მიზეზი. ჩვენი კარი ყოველთვის ღია რჩებოდა ქართველი ხალხისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ოპოზიციისთვის. ის ხელისუფლებისთვის მაშინ გაიღება, როცა მათი ქმედებები და არა სიტყვები აჩვენებს დაბრუნებას დემოკრატიასთან, თავისუფლებასთან და ევროპულ გზასთან“- წერია განცხადებაში.
ავტორები ასევე წერენ, რომ არ სცნობენ ხელისუფლებას, რომელიც 2024 წლის ოქტომბრის ხარვეზიანი არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდა. ასევე ყურადღებას ამახვილებენ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელზე და მის უკან გაწვევას მოითხოვენ – იმ სხვა პირობების დაკმაყოფილებასთან ერთად, რაც განცხადების ხელმომწერთა განმარტებით, ურთიერთობის ნორმალიზებისთვისაა აუცილებელი.
„შეთავაზების დრო ყველაფერზე მეტყველებს. ის იმ მომენტში ვრცელდება, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს მოსმენებს „ქართული ოცნების“ მოთხოვნაზე ხუთი ოპოზიციური პარტიის, მათ შორის პარლამენტში წარმოდგენილი უკანასკნელი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ. მთავრობა, რომელიც ცდილობს თავისი პოლიტიკური ოპონენტების უკანონოდ გამოცხადებას, ამავდროულად ვერ იქნება დიალოგის სანდო პარტნიორი. ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის ეს შეთავაზება სხვა არაფრად შეიძლება იქნას აღქმული, თუ არა საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმის დემონტაჟის შესანიღბად.ჩვენ მკაცრად ვგმობთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებს და მოვითხოვთ საკონსტიტუციო სარჩელის დაუყოვნებლივ გაწვევას. არსებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვა რუსეთისა და ბელარუსის მაგალითების მიყოლებით, ერთპარტიული სისტემისკენ გადადგმულ გადამწყვეტ ნაბიჯს წარმოადგენს. ეს საქართველოს კიდევ უფრო დააშორებს ევროკავშირისგან და გამორიცხავს ყოველგვარ პროგრესს წევრობის გზაზე. დღემდე არაფერი შეცვლილა. ჩვენ არ ვცნობთ ხელისუფლებას, რომელიც 2024 წლის ოქტომბრის ხარვეზიანი არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდა. ნამდვილი ხელახალი ჩართულობა უნდა ეფუძნებოდეს ხელისუფლების მიერ გადადგმულ უპირობო ნაბიჯებს.
ესენია:
ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება; სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და პოლიტიკური აქტივობის შემზღუდველი კანონების გაუქმება, მათ შორის იმ შეზღუდვების, რომლებმაც აიძულეს ევროპული პოლიტიკური ფონდები დაეტოვებინათ ქვეყანა; ოპოზიციის, ჟურნალისტებისა და აქტივისტების დევნის დასრულება; ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზა.
თუ ბატონი კობახიძე სერიოზულად არის განწყობილი ევროკავშირთან პოლიტიკურ დიალოგში ხელახლა ჩართვასთან დაკავშირებით, მან იცის, საიდან უნდა დაიწყოს ამის დამტკიცება“ – ნათქვამია განცხადებაში.
ვიდრე ეს არ მოხდება, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროპულ საბჭოს და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, დააკისრონ მიზნობრივი სანქციები ევროკავშირის გლობალური ადამიანის უფლებათა სანქციების რეჟიმის – ე.წ. ევროკავშირის მაგნიტსკის აქტის – ან სხვა სანქციების რეჟიმის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა დარღვევებსა და საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებელ პირებს.


